არველაძეების ფონდის ორგანიზებით, საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა
არველაძეების ფონდის ორგანიზებით, საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა

„შატო მუხრანში“ მასშტაბური საფეხბურთო ფესტივალი ჩატარდა – არველაძეების ფონდის ორგანიზებით, პროექტ საფეხბურთო თერაპიის ფარგლებში გამართულ ამ ღონისძიებაში საქართველოს 4 რეგიონის, 26 გუნდი და 600-მდე მოზარდი მონაწილეობდა.

ვაჟებს შორის, გამარჯვებული ამბროლაურის საფეხბურთო გუნდი გახდა, გოგონებში კი ჩემპიონობა ზემო ალვანის გუნდმა იზეიმა. ფესტივალის მიმდინარეობისას, ტერიტორიაზე ფონდის პარტნიორებისა და სპონსორების ორგანიზებით, მოზარდებისთვის სხვადასხვა გასართობი სივრცე მოეწყო. წარმოდგენილი იყო წიგნებისა და სპორტული აქტივობების კუთხე, მოზარდებს შორის კი სხვადსხვა სახის ინტელექტუალური და სპორტული შეჯიბრი მოეწყო.

ფესტივალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელები, ასევე “დინამო თბილისის” ოქროს თაობის წარმომადგენლები, მსახიობები და ვეტერანი გულშემატკივრები იმყოფებოდნენ. ღონისძიებას საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა სერენ იაზგანი, ავსტრიის სპორტის სამინისტროს, გაერო-ს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოს სამარიტელთა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

600 მოზარდმა ფონდის ხელმძღვანელებისგან მაისურები, კეპები და სერტიფიკატები მიიღეს, დააჯილდოვეს საუკეთესო მოთამაშეები, ხოლო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა და ქართული ბიზნესის წარმომადგენლებმა სპეციალური პრიზები დააწესეს.

პროექტი საფეხბურთო თერაპია ფონდ არველაძის ინიციატივით 2016 წელს დაიწყო. საწყის ეტაპზე, ფონდმა შიდა ქართლის 15 გუნდი დააფინანსა, ფეხბურთელები და მწვრთნელები საფეხბურთო ფორმებით, ბურთებითა და ინვენტარით აღჭურვა. ორი წლის შემდეგ, პროექტში მონაწილე გუნდების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.

საფეხბურთო თერაპიის განხორციელებაში ფონდს აქტიურად ეხმარება რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორი – ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ავსტრიის სპორტის სამინისტრო, საქართველოს სამარიტელთა კავშირი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი და ქართული ბიზნესჯგუფები.