არსენი იაცენიუკის თანამდებობიდან გადადგომის საქმეზე გამოძიება დაიწყო
არსენი იაცენიუკის თანამდებობიდან გადადგომის საქმეზე გამოძიება დაიწყო

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია „ეროვნული ფრონტის“ ლიდერის არსენი იაცენიუკის თანამდებობიდან გადადგომის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება რამდენიმე დეპუტატის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. საუბარია 2015-2016 წლებში არსენი იაცენიუკის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მის საქმიანობაში უხეში ჩარევის ფაქტებზე, რისი მიზანიც ყოფილი პრემიერის დისკრედიტაცია იყო. როგორც რადას რამდენიმე დეპუტატი აცხადებს, სწორედ მის საქმიანობაში უხეშად ჩარევის შედეგად გახდა იძულებული, პრემიერ-მინისტრის პოსტი დაეტოვებინა.

„ამ ბინძურ პოლიტიკურ კორუფციას ნათელი უნდა მოეფინოს. ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას. მომავალი უნდა გათავისუფლდეს ამ სიბინძურისგან – დისკრედიტაციის ავტორებისგან, სიყალბისგან, ამ საქმის დამკვეთებისა და შემსრულებლებისგან“, – დაწერა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენი ავაკოვმა სოციალურ ქსელში.

საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე უკრაინის „ეროვნული ფრონტის“ დეპუტატი ანდრეი პომაზანოვია, რომელიც ამტკიცებს, რომ რამდენიმე ადამიანი გამიზნულად ცდილობდა პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის დისკრედიტაციას. საქმეში დეპუტატი ალექსანდრე ონიშენკოც ფიგურირებს, ვის მისამართითაც „ეროვნული ფრონტის“ წევრები თითს იშვერენ. პომაზანოვი ამტკიცებს, რომ ონიშენკოს მიზანი იაცენიუკის დისკრედიტაცია და სახელმწიფო გადატრიალება იყო.

არსენი იაცენიუკი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2016 წლის აპრილში გადადგა. მის გადაწყვეტილებას უკრაინაში მორიგი პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა. აღნიშნული თანამდებობა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ვლადიმერ გროისმანმა დაიკავა.