არსებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
არსებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

საქართველოს ხელისუფლების მიმართ სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან, ეჭვს გამოთქვამენ ბულგარეთი და იტალიაც.

ამასთან, როგორც „რადიო თავისუფლება“ იუწყება, გერმანია წინააღმდეგია, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.

გუშინ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართა. როგორც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში ევროკავშირის ტექნიკური მისია ჩამოვა, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შეისწავლის, ასევე, როგორც ბორელმა აღნიშნა, მოიწვევს ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელს, რათა წევრ ქვეყნებს წარუდგინოს შეფასება საარჩევნო დარღვევებზე.

ამასთან, გუშინ სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა: „ჩვენ კვლავ ერთგულნი ვართ საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების მიმართ იმ იმედით, რომ საქართველო მოაგვარებს არსებულ გამოწვევებს და გაატარებს ძირეულ რეფორმებს, რათა კომისიამ შეძლოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნების განხილვა“. ვარჰეის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მეთაურობით შექმნილი მისიის მიგნებებმა გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი, რაც ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის საჭიროებას.