არსებული ინფორმაციით, რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა სამხედროების დახმარებით დატოვა
ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. ე.წ. ოპოზიციის აქტივისტები, რომლებიც დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრნენ, კვლავ შენობაში იმყოფებიან.
ამასთან, არ ვრცელდება ინფორმაცია დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ადგილსამყოფელის შესახებ, თუმცა როგორც საქართველოს პირველ არხს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, მან ე.წ. ადმინისტრაცია სამხედროების დახმარებით დატოვა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან დილიდან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელშიც გამარჯვება ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.
დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს და 8 სექტემბერს გაიმართა. არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმათა 47,39 პროცენტი მიიღო, ალხას კვიცინიამ კი 46,17. მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55 პროცენტით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.
დღეს ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო მოსმენა დაიწყო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, „ამცახარას“ ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე, რომელიც ცდილობს, გააბათილოს ე.წ. არჩევნების შედეგები. მან ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ ე.წ. სასამართლოში სარჩელი 20 სექტემბერს შეიტანა. თუმცა, სარჩელი უარყოფილი იქნა, რის შემდეგაც კვიცინიამ საკასაციო სარჩელი უზენაეს სასამართლოში წარადგინა.
ამასთან, სოციალურ ქსელში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციაში შეჭრის კადრები გავრცელდა.