არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმაც დაუჭირეს მხარი
არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმა დაუჭირეს მხარი.
ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა კითხვით მიმართეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანა წითლიძეს. როგორც წითლიძემ განაცხადა, მაჭუტაძემ ხმის მიცემის ფაქტი დაადასტურა, ბაჩუკი ქარდავამ კი თქვა, რომ არ ახსოვს, მისცა თუ არა ხმა.
რაც შეეხებათ დილარ ხაბულიანს, ნატო და როსტომ ჩხეიძეებს, წითლიძის თქმით, „მათთან კომუნიკაციას ცდილობენ“.
„ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის, რომ გაირკვეს, ვინ არიან ეს ადამიანები სახელებით და გვარებით. ერთი ადამიანი ვიცით, ვინც დაადასტურა და ვნახეთ, რომ ხმას აძლევდა. ეს არის ნიკა მაჭუტაძე, თუმცა მისი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რატომ აძლევდა ხმას, აბსოლუტურად გაუგებარია. ბაჩუკი ქარდავასთან თუ გექნებათ კომუნიკაცია, ძალიან კარგი იქნება. ჩემთვის ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ჩვენ რუსულ ოცნებას ვებრძვით და მნიშვნელოვანია, ვიყოთ მკაფიოები. ჩემი ოჯახის წევრი რომ იყოს ბაჩუკი ქარდავას და ნიკა მაჭუტაძის ადგილზე, რომელთანაც ვმეგობრობ, იგივე პოზიცია მექნება. ნატო ჩხეიძეზე, როსტომ ჩხეიძეზე და დოლარ ხაბულიანზე, ცხადია, ინფორმაცია გვაქვს. ამ ადამიანებთან კომუნიკაციას ველოდებით. ვცდილობთ კომუნიკაციას, ჯერ კომუნიკაციაზე არ გამოდიან. როცა გამოვლენ კონტაქტზე, მათგან არგუმენტებს მოვისმენთ“, – განაცხადა წითლიძემ.
პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, საერთო ჯამში, 29 კანდიდატს უყარა კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი). იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. კენჭისყრა ფარული იყო, აქედან გამომდინარე, უცნობია, რომელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი არჩეულ კანდიდატებს.
ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ვაკანტური ადგილია დარჩენილი. ოთხ კანდიდატს, რომლებმაც სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს, მეორე ტურში უყრიან კენჭს.