არქიტექტორი ლევან ბერიძე - დიღმის ტყე-პარკთან ორანჟერეა ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი იქნება
არქიტექტორი ლევან ბერიძე დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ, „კია მოტორსის“ ავტოსალონის ადგილას ორანჟერეის აშენებასა და ტერიტორიის რეკრეაციული კუთხით განვითარებას მიესალმება.
„ეს ის შემთხვევაა, როდესაც ავტოსალონს აიღებენ და გაშენდება რეკრეაციული ზონა. შეერწყმება დიღმის ტყე-პარკს. ფუნქციურად კარგად არის გააზრებული, რადგან ამ არეალში ძალიან კარგია, რომ აშენდეს შენობა, რომელიც იქნება კულტურულ-დასასვენებელი ზონა“, – განაცხადა არქიტექტორმა.
ლევან ბერიძის თქმით, გარდა იმისა, რომ ორანჟერეა მრავალფუნქციური და ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი იქნება, შენობა არქიტექტურულადაც მიმზიდველია.
„მწვანე ზონა მოსახლეობისთვის კეთილმოწყობილ მიკროკლიმატს შექმნის. მისასალმებელია, რომ არა მარტო ირგვლივ გაკეთდება ეს მწვანე ზონა, არამედ ორანჟერეის ფუნქციას ატარებს და როგორც ზამთრის ბაღი, შიგნითაც იქნება გამწვანებული. ინტერიერი კარგად გამოიყურება ძალიან. სხვადასხვა განზომილებაში გადადის ეს სიბრტყეები და არქიტექტურულად ძალიან მიმზიდველია. ვიტყოდი, რომ ეს არის მწვანე არქიტექტურის ნიმუში. მწვანე არქიტექტურა ეს არის ფილოსოფია, რომელიც ანჯანსაღებს როგორც გარემოს, ისე ირგვლივ მდებარე ტერიტორიას. აქ თითქმის ყველაფერი გათვალისწინებულია“, – აღნიშნა ლევან ბერიძემ.
ამასთან, პროექტის მთავარმა არქიტექტორმა და ორგანიზაცია „სტუდია 9“-ის დამფუძნებელმა, მამუკა ჩხაიძემ დღეს განაცხადა, რომ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეის მოწყობისას არც ერთი ხე არ მოიჭრება და განთავსდება რეკრეაციული ზონა.