არქიტექტორი - დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეის მოწყობისას არც ერთი ხე არ მოიჭრება და განთავსდება რეკრეაციული ზონა
ორანჟერეა, რომელიც დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ „კია მოტორსის“ ავტოსალონს ჩაანაცვლებს, მრავალფუნქციური, ლანდშაფტურ-დასასვენებელი სივრცე იქნება, – ამის შესახებ პროექტის მთავარმა არქიტექტორმა და ორგანიზაცია „სტუდია 9“-ის დამფუძნებელმა, მამუკა ჩხაიძემ განაცხადა.
მამუკა ჩხაიძის თქმით, ორანჟერეა გააერთიანებს საგამოფენო დარბაზს, საკონცერტო-თეატრალურ სცენასა და ტურისტებისთვის არაერთ საინტერესო ობიექტს.
„ვიცით, რომ ეს ტერიტორია წარმოადგენს ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიას. აქედან გამომდინარე, დაიბადა აზრი, შეგვექმნა ისეთი პროექტი, რომელიც ტყე-პარკთან ახლოს იქნებოდა თავისი კონცეფციით. პროექტი არის მრავალფუნქციური და აბსოლუტურად თანამედროვე. სხვადასხვა სივრცე საშუალებას იძლევა, ჩატარდეს ფესტივალები. ტურიზმთან დაკავშირებული ასეთი სივრცეები თითქმის არ არსებობს, აუცილებელია, გაჩნდეს ქალაქში ტერიტორიები, რომელიც მოიზიდავს ტურისტებს. ჩვენ ჩავდეთ ამ კონცეფციაში თბილისის ისტორიული ნაწილის ფრაგმენტები, რომლებიც საგამოფენო სახეს მიიღებს“, – განაცხადა მამუკა ჩხაიძემ.
პროექტის ხელმძღვანელის განცხადებით, პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე არც ერთი ხე არ მოიჭრება და რეკრეაციული ზონა განთავსდება.
„დაახლოებით 80-მდე ახალი ხის ნარგავი დაირგვება, 500-მდე კვადრატული მწვანე მოლი კეთდება და რაც მთავარია, ნაგებობაში ტექნიკური სარწყავი იქმნება. ანუ ზამთრის ბაღი წარმოვიდგინოთ, სადაც იქნება უამრავი ეგზოტიკური მცენარე“, – აღნიშნა მამუკა ჩხაიძემ.
მამუკა ჩხაიძის განცხადებით, პროექტის არქიტექტურა და ინტერიერი მოცემულ ტერიტორიას სრულიად შეესაბამება და დიღმის ტყე-პარკის ფუნქციას უფრო მეტად გაამდიდრებს.
არქიტექტორის თქმით, პროექტის ხელმძღვანელებს 20 ივნისს მოსახლეობასთან ინფორმაციული სახის შეხვედრა ექნებათ.