არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი - სამწუხაროდ, ერთობისგან ძალიან შორს ვართ, განვიკითხავთ ერთმანეთს, ღმერთმა გვაპატიოს ეს ძალიან დიდი დანაშაული
არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი - სამწუხაროდ, ერთობისგან ძალიან შორს ვართ, განვიკითხავთ ერთმანეთს, ღმერთმა გვაპატიოს ეს ძალიან დიდი დანაშაული

სამწუხაროდ, ერთობისგან ძალიან შორს ვართ, განვიკითხავთ ერთმანეთს, ღმერთმა გვაპატიოს ეს ძალიან დიდი დანაშაული, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

„შევევედროთ უფალს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ერთობა და ერთიანობა. მოგეხსენებათ, ერთობლივ ლოცვას როგორი დიდი ძალა აქვს. ძალიან ბევრი ფაქტი ვიცით, თუნდაც ბიბლიიდან, როგორ გადარჩა ბევრი ქალაქი და ქვეყანა ერთობლივი ლოცვით. ღმერთი მოწყალეა, აუცილებლად გაგვიყვანს სამშვიდობოს. არ უნდა დავკარგოთ იმედი, სასოება ღვთისა. უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, მისი უწმინდესობის დაუღალავი ლოცვით შეგვეწევა უფალი. უამრავი ადამიანსა და სასულიერო პირს ლოცვის ძალიან დიდი ნიჭი და მადლი აქვს და სწორედ ამ ადამიანების ლოცვაზე დგას ქვეყნიერება. ღმერთმა ინებო, თითოეული ჩვენი ლოცვა შესმენილ იყოს გულმხურვალედ, რადგან ღმერთი ხომ გულს ხედავს ადამიანისას. ღმერთი გულს უყურებს ადამიანისას, თუ რა უნდა მას. სამწუხარო რეალობაა დღეს, რომ ერთობისგან ძალიან შორს ვართ, განვიკითხავთ ერთმანეთს, სასულიერო პირებს, საზოგადო მოღვაწეებს, თუნდაც პოლიტიკოსებს. განკითხვა არ არის ჩვენი საქმე. უფალი ბრძანებს, რომ არ განვიკითხოთ და ბრძანებს, გვიყვარდეს, მტერიც უნდა გვიყვარდეს. დღევანდელი რეალობით ჩვენ სამწუხაროდ, ერთმანეთიც არ გვიყვარს. ღმერთმა შეგვინდოს და გვაპატიოს ეს ძალიან დიდი დანაშაული, ეს ერთად არყოფნა, ულოცველობა, ბევრი ცოდვები“, – განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში დღეს საკვირაო წირვას გაციების გამო ვერ ესწრება. როგორც საქართველოს პირველ არხს პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა, ილია მეორეს სეზონური ვირუსული ინფექცია აქვს. ექიმი ვარაუდობს, რომ პატრიარქი ორ-სამ დღეში სრულად გამოჯანმრთელდება.