არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ილია მეორე ლექსო ლაშქარავას დედას შეხვდება
სამების ტაძრის არქიმანდრიტის, იოანე მჭედლიშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილი გადასცა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ლექსო ლაშქარავამ პატრიარქთან შეხვედრა ვერ მოასწრო, მაგრამ დედამისს უახლოეს პერიოდში შეხვდება.
„მისი უწმინდესობის სამძიმრის წერილი მოვიტანეთ ოჯახში და წესი ავუგეთ ალექსანდრეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ახალგაზრდა ადამიანი დაკარგა ქვეყანამ. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ალექსანდრეს ბოლო პერიოდში ჰქონდა პატრიარქთან შეხვედრის დიდი სურვილი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შედგა შეხვედრა და მისმა უწმინდესობამ გამოთქვა სურვილი, რომ უახლოეს მომავალში მის დედას აუცილებლად შეხვდება“, – აღნიშნა იოანე მჭედლიშვილმა.
ამასთან, როგორც არქიმანდრიტმა განაცხადა, 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტები უნდა გამოიძიონ.
„საპატრიარქოს პოზიცია აღნიშნულ ფაქტამდეც იყო, რომ არავის არ უნდა ეძალადა და იყო უამრავი წერილი ამასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული. თითოეული ძალადობა უნდა იყოს გამოკვლეული და უნდა იყოს დასჯილი კანონის მთელი სიმკაცრით“, – აღნიშნა არქიმანდრიტმა.
მისი ინფორმაციით, საპატრიარქოში ის სასულიერო პირები დაიბარეს, ვისაც 5 ივლისს „გადაცდომა ჰქონდა“.
„კონკრეტული სასულიერო პირები, ვისაც ჰქონდა გადაცდომა, ვიცი, რომ იყვნენ დაბარებული საპატრიარქოში. მღვდელმთავრებმა მოსთხოვეს ყველაფერზე პასუხი“, – აღნიშნა იოანე მჭედლიშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, მოძალადე სასულიერო პირებზე რა რეაგირება იქნება, არქიმანდრიტი აცხადებს, რომ არსებობს რჯულის კანონი და ამის მიხედვით იმოქმედებენ.
„არსებობს რჯულის კანონი, როგორც სახელმწიფოს აქვს კანონები, ასევე აქვს ეკლესიას. აქედან გამომდინარე იქნება სწორედ რეაგირება. მღვდელმთავრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“, – განაცხადა იოანე მჭედლიშვილმა.
მისი თქმით, ადამიანებმა ერთმანეთის სიყვარული უნდა ისწავლონ.
„ერთმანეთის სიყვარული უნდა ვისწავლოთ, რადგან ტელევიზიებიდან გაჟღერებული ერთი ან ორი მოძალადე მღვდლის გამო, მეც მოძალადედ აღმიქვამს საქართველო და ეს ჩემი ბრალია? მე ვაგო პასუხი ამაზე? 2 000 მღვდლიდან თუ ხუთი აშავებს, 1 995-მა რა დავაშავეთ? იუდათი ხო არ განვსაზღვროთ 12 მოციქული? ამასთან, წახალისება ვერ და არ იქნება, ეკლესია თავიდანვე გაემიჯნა და მერეც გაემიჯნა. დაიბარა სასულიერო პირები და მოსთხოვს პასუხს ყველაფერზე. მოძალადე მეც ვიქნები ბევრი ადამიანისთვის, რა ვქნა, არ ვარ მოძალადე. კიდევ დაპირისპირებისკენ მიგვყავს ეს ქვეყანა და ვხედავთ, საითაც მივდივართ. ძალადობა არის სიტყვაც, რომელიც ადამიანს გულს ტკენს. მე დილიდან ვიყავი იქ და ვიღაცისთვის ვიყავი პუტინის მონა, რუსეთის აგენტი, ვიყავი რომელიღაც პარტიის წევრი და რეალურად არც ერთთან არ მაქვს შეხება. დილიდანვე ვიყავი შეურაცხყოფილი, ვინ იძალადა ამით ჩემზე? არავინ? შეურაცხყოფილი ვიყავი, ვინ იძალადა და ვინც ამას ამას ამბობს. ჟურნალისტები, არა მხოლოდ ჩვეულებრივი მოქალაქე თუ იტყვის და ცილს დამწამებს, არ არის ეს ძალადობა?! ერთი მღვდელი სადღაც სოფელში ძალადობრივ ქადაგებას იტყვის, ის ქადაგება ვრცელდება სოციალურ ქსელში. ამით ჩვენც ვუკეთებთ პიარს, ტელევიზორში რომ გაუშვებ ეს ვიღაცას მოსწონს კიდეც. ეკლესიიდან აუცილებლად სიყვარული უნდა მიდიოდეს. ჩვენ ერთ ქვეყანაში არ უნდა ვიცხოვროთ? უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – აღნიშნა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.