„არმი თექნოლოჯი“ - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება სამხედრო-საზღვაო ძალებს შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, ანაკლიაში ყოფნის შესაძლებლობას მისცემს და პორტის ნოვოროსიისკზე უპირატესობას უზრუნველყოფს
ნატო-ს მომავალი: რას ნიშნავს საქართველოს გაერთიანება დასავლეთის სამხედრო ალიანსისთვის – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „არმი თექნოლოჯი.“
გამოცემა წერს, რომ სამომავლოდ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება, ნატო-ს რუსეთის სამეზობლოსთან დაახლოებს, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში ნატო-ს გენერალური მდივნის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე. სტატიის თანახმად, ორივე ლიდერმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის სურვილია, რაც ასახულია ქვეყნის კონსტიტუციაში და 29 ქვეყანამ საქართველოს გაწევრიანებას მხარი უნდა დაუჭიროს.
გამოცემა წერს, რომ საქართველომ რეფორმების სერია უნდა განახორციელოს, რაც მის შეიარაღებულ ძალებს ნატო-ს სტანდარტებში მოაქცევს, თუმცა რეფორმების განხორციელებისთვის საჭირო დროზე ან ნატო-ში გაწევრიანებაზე ვადები მოცემული არ არის.
სტატიის მიხედვით, თბილისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებას არ ნიშნავს. თავად რუსეთი კი, 2008 წელს საქართველოში, 2014 წელს კი უკრაინაში შეჭრის შემდეგ აცხადებს, რომ არ დაუშვებს ამ ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას.
სტატიაში აღნიშნულია, რომ კითხვაზე, რამდენად რეალურია ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხების გადაწყვეტამდე, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ორივე რეგიონი საქართველოს ნაწილია, დაეხმარება ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებს და ქვეყნის გაწევრიანების პროცესს, თუმცა საკითხზე დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.
სტატიის მიხედვით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივი წვრთნის გარდა, ნატო ზრდის ყოფნას შავ ზღვაში და საქართველოს წევრობამ შესაძლოა, ალიანსის სამხედრო-საზღვაო ძალებს დამატებითი, ღირებული პორტები შესთავაზოს, განსაკუთრებით აშშ-ს, თურქეთთან ურთიერთობების გართულების დროს.
ავტორი აღნიშნავს, რომ ეს შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთანაც, რაც არა მხოლოდ მისცემს დიდ სამხედრო-საზღვაო ძალებს შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსების შესაძლებლობას, არამედ ასევე საშუალებას მისცემს საქართველოს პორტს გადააჭარბოს ნოვოროსიისკის რეგიონულ როლს ჩინეთის „აბრეშუმის გზის“ პროექტში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება იქნება ალიანსის გაფართოება არა მხოლოდ აღმოსავლეთით, არამედ რუსეთის სამეზობლოში, კავკასიის რეგიონში, სადაც რუსეთი პოზიციებს სამხედრო-პოლიტიკური გზებით ცდილობს. სწორედ ამით აიხსნება ნატო-ს ფრთხილი ნაბიჯები და ამავდროულად ძლიერი ინტერესი, შავი ზღვის რეგიონში თავის კვალი გაზარდოს. სტატიის ბოლოს აღნიშნულია, რომ სამომავლო მოვლენები საინტერესო იქნება, რადგან მოსალოდნელია, რომ რუსეთი აჩვენებს სურვილს, დაიცვას მისი ინტერესები ამ ზონაში.