არმაზ ახვლედიანმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა - ერთობას, ერთიანობას ყველაზე დიდი მხარდამჭერი ჰყავდა და ჰყავს თქვენი პარტიის დამფუძნებლის სახით
ერთობას, ერთიანობას, ამ იდეას ყველაზე დიდი მხარდამჭერი ჰყავდა და ჰყავს თქვენი პარტიის დამფუძნებლის სახით, – ასე მიმართა ახალი გაერთიანების, „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ წევრმა, არმაზ ახვლედიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პარტიის ყრილობაზე.
არმაზ ახვლედიანი დღეს წარადგინეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალი პოლიტიკური პლატფორმის, „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ წევრად.
„ერთი რამ ვიცი, დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ჩვენი სამშობლო უფსკრულის პირასაა. ამ დროს განზე დგომა დაუშვებელია. ერთობა, ერთიანობა, ამ იდეას ყველაზე დიდი მხარდამჭერი ჰყავდა და ჰყავს თქვენი პარტიის დამფუძნებლის სახით. მეც ამ იდეას ვემხრობი და მიმაჩნია: ერთადერთი გზა, რომ ხერხემალში გადავტეხოთ პოლიციური რეჟიმი, ესაა, რომ ვინც აქ ვართ, ყველამ მთელ საქართველოში შევძლოთ, კეთილგონიერებით, სიმართლით, სიმტკიცით, ერთიანი ფრონტით საყრდენი გამოვაცალოთ ამ რეჟიმს და აღვადგინოთ საყრდენი ჩვენი სახელმწიფოებრიობისა“, – განაცხადა ახვლედიანმა.