არმაზ ახვლედიანი - სუს-ის ანგარიშში ნახავთ, რომ საქართველოში ყველაფერი არის დიდებულად, მაგრამ სინამდვილეში ეს სამსახური გადაქცეულია ოპონენტების დევნის, ძალადობის, შანტაჟის ინსტრუმენტად
ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტი, როგორიც არის სუს-ი, გადაქცეულია პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად. ამ უკანონობის დასრულების ერთადერთი გამოსავალია, მომავალ არჩევნებში საზოგადოებამ არა უბრალოდ დაასრულოს „ქართული ოცნების“ მმართველობა, არამედ ისეთი კოალიციური მმართველობის შექმნა შეძლოს, სადაც ასეთი ანომალიები ვეღარ განმეორდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თუ მისი ანალოგი, ყოველთვის ხდება პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი, როდესაც ქვეყანაში მორღვეულია სასამართლოს დამოუკიდებლად ფუნქციონირება და შეფერხებულია დემოკრატიული პროცესი.
„ეს არის უმთავრესი მიზეზი, რატომაც ანგარიში შეიძლება, იყოს შედგენილი მეტ-ნაკლებად რაღაც სტანდარტის მიხედვით, მაგრამ რეალობა იყოს რადიკალურად განსხვავებული. სწორედ ამ რეალობაში ვცხოვრობთ საქართველოში. ანგარიშში ნახავთ, რომ საქართველოში ყველაფერი არის დიდებულად, მაგრამ სინამდვილეში ეს სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რომ ჰქვია, გადაქცეულია ოპონენტების დევნის, ძალადობის, შანტაჟის და სხვა უკანონო ქმედებების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად. ოპონენტებსა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე ზეწოლა თვალთვალით, მოსმენით და შემდეგ ამ მასალების გამოყენებით ხდება“, – განაცხადა ახვლედიანმა.