არმაზ ახვლედიანი საპარლამენტო უმრავლესობას - არ გაგაჩნიათ საკმარისი პოლიტიკური ნება, რომ საქართველოში დაიწყოს დემოკრატიული რეფორმები
სამწუხაროდ, არ გაგაჩნიათ საკმარისი პოლიტიკური ნება, რომ საქართველოში დაიწყოს ის, რასაც თქვენი და ჩვენი ამომრჩეველი, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ჩვენს ქვეყნაში ელოდება 2012 წლის ოქტომბრიდან – ეს არის დემოკრატიული რეფორმები, – ასე მიმართა უფრაქციო დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა საპარლამენტო უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე მოხსენებით წარდგა საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ.
ახვლედიანის თქმით, აუცილებელია არსებობდეს პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ პარლამენტში პოზიტიური დღის წესრიგი შეიქმნას.
„ვფიქრობ, რომ პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა ჩვენ შეგვიძლია ახლაც, ხვალაც, ზეგაც და ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამისთვის აუცილებელი ერთადერთი რამ – პოლიტიკური ნება, სხვა არაფერი. როცა შემოვედი მეათე მოწვევის პარლამენტში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ უმთავრესი გახლავთ სწორედ პოლიტიკური ნება. შეიძლება, საუკეთესოდ დაწერო კანონი, მაგრამ ის არასდროს ახსოვდეთ, შეიძლება საუკეთესო განცხადებები გააკეთო, მაგრამ ამას შედეგად საპირისპირო მოჰყვეს, თუკი ის არ არის განმტკიცებული შესაბამისი პოლიტიკური ნებით. ყველაზე მთავარი პრობლემა დღევანდელი მმართველი ძალის სწორედ აქ არის“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
დეპუტატის თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის უმთავრესი ფუნქცია, სწორედ ეს უნდა იყოს და არაფერი სხვა.
„ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას სწორედ იმ მიმართულებით, რომ ჩვენ შევძლოთ არა ვიღაცის მოსაწონად, თუნდაც ბრიუსელში, სტრასბურგში და ვაშინგტონში, არამედ ჩვენი საზოგადოების მოსაწონად და გასახარად დემოკრატიული რეფორმების დაწყება“, – აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.