არმაზ ახვლედიანი - პოლიტიკური ნება სჭირდება, რომ პოლიციელმა, ისევე როგორც ნებისმიერმა მოქალაქემ, იგრძნოს, რომ დაცულია სახელმწიფოს მხრიდან
პოლიტიკური ნება სჭირდება იმას, რომ პოლიციელმა, ისევე როგორც ნებისმიერმა მოქალაქემ, იგრძნოს, რომ დაცულია სახელმწიფოს მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.
არმაზ ახვლედიანის თქმით, კარგი იქნებოდა, შს მინისტრი საუბრობდეს, რა შეიცვალა, რა ვერ შეიცვალა და რა გამოწვევებია.
„მინისტრი როცა გამოვიდა სიტყვით, გამიჩნდა სურვილი, მეთქვა, რომ ამ ჩამოთვლილ საქმეებზე საუბარი თავისთავად კარგია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველთვის უკეთესია, მინისტრი, რომელიც პარლამენტში ანგარიშით მოდის, საუბრობდეს მაინც ტენდენციებზე. რა შეიცვალა არსებითად, რა ვერ შეიცვალა, რატომ და რა გამოწვევებია? ვფიქრობ, რომ ეს კითხვებია ყველაზე არსებითი. პოლიტიკური ნება სჭირდება იმას, რომ პოლიციელმა, ისევე როგორც ნებისმიერმა მოქალაქემ, იგრძნოს, რომ ის დაცულია სახელმწიფოს მხრიდან. იცოდეს, რომ ის თუ კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას და, პარალელურად, სიმპათია აქვს, და კანონის ფარგლებშიც აქვს უფლება გამოხატოს ეს სიმპათია რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, პარტიის მიმართ, ამის გამო ის არ უნდა ისჯებოდეს. მას არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ამის გამო მას პასუხს მოსთხოვენ. თუ როგორ არის ამ მხრივ ჩვენთან საქმე, ყველამ კარგად ვიცით – შეიძლება დაისაჯოს ისიც და მის ირგვლივ სხვებიც.
გთხოვდით თქვენ, როგორც პოლიტიკოსმა, მაღალი თანამდებობის პირმა, იფიქროთ და თქვენი წილი პასუხისმგებლობა აიღოთ, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის 2023 წელს ისტორიული შანსის გაშვება და თუ რა გავლენას მოახდენს ეს თქვენს უწყებაზე, რომ გავხდეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე. ამ შანსს თუ დავკარგავთ, გარწმუნებთ, დემოტივაცია პოლიციაში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, გაასმაგდება“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.