არმაზ ახვლედიანი - ოპოზიციას „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნაზე მსჯელობა მოუწევს, რაღაც ნაწილში შესაძლოა, დამოკიდებულება შეიცვალოს
შემიძლია, ჩემი სახელით გითხრათ, რომ ეს დასკვნა განხილვის საგანი უნდა გახდეს იმ ნაწილში, რამდენად შეიძლება და სად შეიძლება დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, არმაზ ახვლედიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.
„გავეცანი ამ დასკვნას, მინდა, გითხრათ, რომ განსხვავებით ბევრი ოპოზიციონერისგან, აღარაფერს ვამბობ ხელისუფლების წარმომადგენლებზე, მე იმთავითვე მქონდა ჩემი საკმაოდ მკაფიო პოზიცია 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და ამ წინასაარჩევნო პერიოდში ყოველთვის ვამბობდი, რომ არსებითად რა მნიშვნელობა აქვს, რა მოხდება 31-ში, როცა მთელი ეს წინასაარჩევნო პროცესი ტარდება ანომალიურად.
მთელი ოპოზიციის სახელით, რა თქმა უნდა, ვერ ვილაპარაკებ, არ მაქვს ეს მანდატი. ამ შემთხვევაში შემიძლია, ჩემი სახელით გითხრათ, რომ პირველი, ეს დასკვნა განხილვის საგანი უნდა გახდეს, ამას არ უარვყოფ, რადგან მნიშვნელოვანი დასკვნაა. განხილვის საგანი უნდა გახდეს იმ ნაწილში, რამდენად შეიძლება და სად შეიძლება დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ. ამ ორგანიზაციის მიმართ ნდობა მაქვს, ამას არ დაგიმალავთ“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
კითხვაზე, უნდა შეცვალოს თუ არა ამ ახალმა მონაცემებმა ოპოზიციის გეგმა, ახვლედიანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, რაღაც ნაწილში ოპოზიციის დამოკიდებულება შეიცვალოს.
„ოპოზიციას ამ დასკვნაზე მსჯელობა მოუწევს. ვფიქრობ, რაღაც ნაწილში შესაძლოა, დამოკიდებულება შეიცვალოს.
სამართლიანი არჩევნების დასკვნას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. მეორე, ეს მაინც კომპეტენტურ სპეციალისტებთან ერთად უნდ განვიხილოთ.
მე, როგორც არჩეული დეპუტატი, ასევე ოპოზიციის წარმომადგენელი და ადამიანი, რომელიც თითქმის 25 წელია, აკვირდება საარჩევნო პროცესს და მონაწილეობს კიდეც ამ პროცესში, გპასუხობთ, რომ ამ დასკვნის განხილვა საკმარისად სერიოზულად გვმართებს“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე „დაინგრა თუ არა დასკვნის შემდეგ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა“, ახვლედიანმა განაცხადა:
„არა, ძალიან მოკლე ახსნაა, საქმე ისაა, განსხვავებით ბევრი ოპოზიციონერისგან, მე ამ საკითხში იმთავითვე არ ვეთანხმებოდი და ახლა ამ გადასახედიდან, მით უფრო, პრინციპულად არ ვეთანხმები. მთავარი ჩემთვის არ არის არჩევნების დღე. მთავარია, რა ხდება არჩევნებამდე. ეს მე ვიწვნიე ჩემს თავზე, როგორც მაჟორიტარმა კანდიდატმა ბათუმში ორჯერ, 2016 წელს და ახლა, 2020-ში. უნდა გითხრათ, რომ უპრეცედენტო ადმინისტრაციული რესურსი იქნა გამოყენებული წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ მიერ. ახლა სხვა საქმეა, რას მოგვცემს რეალურად „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნის ანალიზი, არაფერს არ გამოვრიცხავ. აქვე მინდა, გითხრათ, რომ წინასაარჩევნო ანომალიების ხარისხი ისეთია, რომ პირადად ჩემთვის ეს არჩევნები სამართლიანად და დემოკრატიულად ვერ ჩაითვლება.
მე შემიძლია, შევიცვალო პოზიცია არა თუ პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით, არამედ ნებისმიერ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით ფაქტების ცვლილების კვალდაკვალ, მაგრამ აქვე გიპასუხებთ, ეს დასკვნა მოითხოვს ანალიზს“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგების შემდეგ, ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს, ახვლედიანი ამბობს, რომ არჩილ თალაკვაძის შემართებით გაკვირვებულია.
„რა დიდ გულზეა, აი, პირდაპირ მიკვირს ბატონი თავმჯდომარის ეს უცნაური შემართება. რა თქმა უნდა, ოპოზიცია თავის პასუხს ჩამოაყალიბებს და დარწმუნებული ვარ, სულ მალე საზოგადოება გაიგებს“, – აღნიშნა ახვლედიანმა.