არმაზ ახვლედიანი - მოსამართლე თუ კეთილსინდისიერია, შეუძლია, თავისი გაიტანოს, წინა ხელისუფლების დროს კი სასამართლოზე წარმოუდგენელი წნეხი იყო
დღეს, თუ მოსამართლე კეთილსინდისიერი და მოსამართლის ფიცის ერთგულია, შეუძლია, თავისი გაიტანოს, წინა ხელისუფლების დროს კი, სასამართლოზე წარმოუდგენელი წნეხი და სატელეფონო მმართველობა იყო – ამის შესახებ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელმა და დირექტორმა, არმაზ ახვლედიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს ასეა, მაგრამ თუ სასამართლო გვჭირდება, რის იმედად უნდა ვიყოთ, კეთილსინდისიერი მოსამართლე შეგვხვდება, თუ ის, ვინც წნეხს ვერ გაუძლებს?! ყველა შემთხვევაში, სასამართლო სისტემა სერიოზულად არის დაზიანებული. ამაზე ალბათ, ყველა შევთანხმდებით, თუ თვალში ნაცარს არ ვიყრით“, – განაცხადა ახვლედიანმა.
როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, თუ პოლიტიკურად შევაფასებთ იმას, რაც ახლა ხდება, ეს ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო რამ არის, რაც საქართველოს პოლიტიკურ და სამართლებრივ ცხოვრებაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა.
„ჩემთვის, იუსტიციის საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებებმა და ამ გადაწყვეტილებებზე ცალკეულ პოლიტიკოსთა შეფასებებმა პოლიტიკურად უფრო დრამატული ხასიათი მიიღო, ვიდრე გასულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა. თუ სასამართლოში ეს პროცესი ამ ტემპით გაგრძელდა, შეიძლება, ეს ყველაზე დრამატული და სამარცხვინო რამ იყოს, რაც საქართველოს უახლესი წლების განმავლობაში ელოდება“, – განაცხადა ახვლედიანმა.
მისი თქმით, აუცილებელია, ამ თემაზე საზოგადოებამ უახლოეს დღეებში, არა ცალკეული დეპუტატების, არამედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, გუნდის გამოკვეთილი პოზიცია მოისმინოს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, გუნდის პოზიციად ჩაითვალოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია, რომელიც საზოგადოებამ მოისმინა, არმაზ ახვლდიანმა აღნიშნა, რომ უხერხულია, როცა საქართველოს, ყველაფრის მიუხედავად, დღესაც ასეთი პრემიერ მინისტრი ჰყავს და სერიოზულად მის განცხადებასაც ვერ აღიქვამს.
„მოგვენატრა ღარიბაშვილიც და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი კრიტიკის ფონზე – კვირიკაშვილიც კი. ესე იგი, გამოდის, ყველა მომდევნო უარესი უნდა იყოს?! ეს ისე, სხვათა შორის“, – განაცხადა ახვლედიანმა.
არმაზ ახვლედიანმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს საკითხის და საარჩევნო პროცედურების ირგვლივ, ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალის, თუ სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანება უნდა მოხდეს.