არმაზ ახვლედიანი - გამიხარდება, თუ „ევროპულ საქართველოში“ მალე დაიწყება სასიკეთო ცვლილებები, რომლებიც პარტიას უფრო მოქნილს გახდის
ყველა პარტიამ, მათ შორის, „ევროპულმა საქართველომ“, ყველა პოლიტიკოსმა უნდა მოვახერხოთ ჩვენი შეცდომების, სხვათა შეცდომების გაანალიზება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისი თქმით, „ევროპულ საქართველოში“ დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ ადასტურებს, რადგან ინფორმაციას არ ფლობს.
„საქართველოს პარლამენტში მე ვარ არჩეული „ევროპული საქართველოდან“, მაგრამ არ ვარ პარტიის წევრი. ეს ამბავი გავიგე საინფორმაციო საშუალებებიდან. ერთადერთი, რაც შემიძლია, გითხრათ, ის არის, რომ გამიხარდება, თუ „ევროპულ საქართველოში“ რაც შეიძლება მალე დაიწყება და განხორციელდება სასიკეთო ცვლილებები, რომლებიც პარტიას გახდის უფრო მოქნილს და მომდევნო არჩევნებში პარტია უფრო მოახერხებს წარმატების მიღწევას“, – აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.
კითხვაზე, რას და ვის გულისხმობს სასიკეთო ცვლილებებში, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ ყველამ უნდა მოახერხოს შეცდომების გაანალიზება.
„სასიკეთო ცვლილებებში ვგულისხმობ იმას, რომ ყველა პარტიამ, მათ შორის, „ევროპულმა საქართველომ“, ყველა პოლიტიკოსმა უნდა მოვახერხოთ ჩვენი შეცდომების, სხვათა შეცდომების გაანალიზება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ასეთი შეცდომა ცხადია, ბუნებრივია, ყველას მოგვსვლია და შეცდომების გაანალიზების გარეშე სვლა სამომავლოდ არის მეტ შეცდომებზე განწირული. ვინ მოიაზრება სასიკეთო ცვლილებებში, ამას გადაწყვეტენ „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილების მიმღებნი, მე მათ შორის არ ვარ“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
მისივე თქმით, პარტიაში დაპირისპირებაზე არაფერი იცის.
„არც კი მომიკრავს ყური, რომ დაპირისპირება არსებობს, თუმცა დაპირისპირებაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ. დაპირისპირება კი არაა პრობლემა, პრობლემა ისაა, როცა ყველა არის ერთ აზრზე და არის ერთი ადამიანის დიქტატი. ამისგან გათავისუფლებული პარტია ყოველთვის მიაღწევს წარმატებას. „ევროპულ საქართველოს“ ამ მხრივ ბევრი შესაძლებლობა აქვს“, – აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ და სწორედ ამან გამოიწვია გიგა ბოკერიასთან მათი დაპირისპირება, რის გამოც შესაძლოა, დავით ბაქრაძემ პარტია დატოვოს. გიგი უგულავა უპასუხოდ ტოვებს კითხვას, შეხვდა თუ არა მიხეილ სააკაშვილს. პარტიის სხვა ლიდერები კი აცხადებენ, რომ უცნობია, შედგა თუ არა შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან. ამასთან, თავად დავით ბაქრაძე კონკრეტულ კომენატარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება პარტიასთან დაკავშირებული ყველა დეტალი, მათ შორის, პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც.