არმაზ ახვლედიანი - ევროკავშირის წევრობის კითხვარის მიღება გიორგი მთაწმინდელის, ანთიმოზ ივერიელის, გრიგოლ ფერაძის და 9 აპრილის გმირების დამსახურებაცაა
ევროკავშირის წევრობის კითხვარის მიღება გიორგი მთაწმინდელის, ანთიმოზ ივერიელის, გრიგოლ ფერაძის და 9 აპრილის გმირების დამსახურებაცაა, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ახლა უმრავლესობის ხელშია, ევროკავშირის წევრობაზე მიღებული კითხვარი დარჩება ქაღალდად, თუ გადაიდგმევა რეალური ნაბიჯები.
„გუშინ ევროკავშირის წევრობაზე კითხვარი მივიღეთ და ბატონმა პრემიერმა გამოგვიცხადა, რომ ეს არის მისი მმართველი გუნდის დამსახურება. მე მგონი სირცხვილია! იმიტომ, რომ შემიძლია, წავიდე ძალიან შორს, მაგრამ გიორგი მთაწმინდელის, ანთიმოზ ივერიელის, გრიგოლ ფერაძის და რა თქმა უნდა, 9 აპრილის გმირების და მონაწილეების დამსახურებაც არის. ყველასი, ვინც უშიშრად იბრძოდა, რომ ჩვენ ეკლიანი გზა გაგვეკვლია ევროპისკენ, მაგრამ ახლა, რაშიც შეიძლება ნაწილობრივ დავეთანხმო პრემიერს, სწორედ თქვენს ხელშია ძირითადად ბატონებო უმრავლესობიდან, ეს დარჩება ქაღალდად თუ რეალურ ნაბიჯებს გადავდგამთ, რაც უპირველესად ნიშნავს სამართლებრივ სახელმწიფოს და რაც ნიშნავს ერთმანეთის მოსმენას“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.