არმაზ ახვლედიანი - დღეს ვკითხულობდი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას, ვამბობდი, რა ბედუკუღმართობაა, რომ იქ გაწყდა საქართველოს ნორმალური განვითარების ხაზი, როცა რუსული ჩექმა შემოვიდა საქართველოში
არმაზ ახვლედიანი - დღეს ვკითხულობდი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას, ვამბობდი, რა ბედუკუღმართობაა, რომ იქ გაწყდა საქართველოს ნორმალური განვითარების ხაზი, როცა რუსული ჩექმა შემოვიდა საქართველოში

დღეს დილით, მხოლოდ მცირე ნაწილი მოვასწარი, ვკითხულობდი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას, რომლის ხსენებაცაა დღეს, კლარჯელი მამებისა და დედების, ვამბობდი ჩემთვის, რა ბედუკუღმართობაა, რა ბედისწერაა ჩვენი ქვეყნისა, რომ იქ გაწყდა საქართველოს ნორმალური განვითარების ხაზი, როცა რუსული ჩექმა შემოვიდა საქართველოში,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ.

როგორც არმაზ ახვლედიანმა აღნიშნა, რომ არა რუსული ჩექმა დღეს სხვა საქართველო იქნებოდა, სხვა განვითარების.

„როცა კითხულობ ამ სახელებს კლარჯელი წმინდანებისა, ხვდები, რა გავლენა აქვს იმ დროის ევროპას, განვითარებულ სამყაროს საქართველოზე, რა ურთიერთგავლენაა იქაურობისა ჩვენზე და ჩვენი იმათზე. გამოვტოვოთ ამდენი საუკუნე და მოვიდეთ მეოცეს დასაწყისში, ასევე ტრაგიკული კვანძია, როდესაც ჩვენ გამოგვინათა, გაგვიჩნდა შანსი, დავბრუნებულიყავით ნორმალური განვითარების გზაზე, თითქოს შეიქმნა სახელმწიფო ინსტიტუტები, სახელმწიფოც, მაგრამ ვინ გვაცალა, კვლავ ეს ბოროტი, რუსული ჩექმა. მე ახლა იმიტომ ვსაუბრობ ამაზე, რომ ჩემთვის დღევანდელი თემაც, ამ კონტექტსში გახლავთ. ვსვამ კითხვას, დღეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა გვაშორებს თუ გაახლოებს ამ პერსპექტივას. ზუსტად ვიცი, რომ ვერავინ გულწრფელ პასუხს უმრავლესობიდან ვერ მეტყვის“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მოგზაურობდა  ვიზიტების ფარგლებში არ შეხვედრია იმათ, ვისთვისაც ევროპული პერსპექტივა არ არის მკაფიო და უალტრენატივო.

„ვიდრე მოვიდოდი ტრიბუნასთან, ვერ შეველიე და ვკითხულობდი ჩვენი დიდი თანამედროვე მოქალაქის, დიდი მოღვაწის, ლანა ღოღობერიძის ერთ-ერთ ბოლო ტექსტს, ის იხსენებს დედის ისტორიას 20-30-იან წლებში და ამბობს, არის თუ არა მსგავსება თანამედროვე სამყაროსთან, ხომ არ მეორდება რამე. ის გენიალური ფილმი, რომელიც გადაიღო ლანას დედამ ნუცა ხუციშვილმა, სადაც ნაჩვენებია ჭაობის სცენა და კამეჩი უმოწყალოდ იძირება ამ ჭაობში, ხომ არ არის აქ რაღაც ანალოგია მსგავსება. ჭაობია დღეს მთელ სამყაროში სადა ებრძვიან სინათლეს, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, ნორმალურობას, გარწმუნებთ, არც ისინი ვინც საუკუნის წინ იბრძოდნენ საქართველოში და არც სხვები, ვინც დღეს იბრძვიან არ დათანხმდებიან, რომ ჩვენ დავრჩეთ ჭაობში.

პარტიას შეგიძლია ემსახურო, ვიდრე მისი ზრახვა, ინტერესი არ ეწინააღმდეგება საქვეყნო პოლიტიკას. როგორც კი ეს წინააღმდეგობა ჩნდება, უნდა აქციო ზურგი. მე, ამ მხრივ, მოვიწონებ ყველა პოლიტიკოსის გადადგმულ ნაბიჯს, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის, რომელიც, შესაძლოა, გვიან, მაგრამ კარგად გაერკვა ვითარებაში და ზუსტად მიხვდა, რა არის თანამედროვე საქართველოსთვის პრიორიტეტული. რომ პრიორიტეტულია ბრძოლა საქართველოში ევროპულობის გადასარჩენად. მჯერა, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის მანდატით თუ მის გარეშე, იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაწილე 2024 წლის არჩევნებში“, – განაცხადა ახვლედიანმა.