არმაზ ახვლედიანი - ჩემი და „ქართული ოცნების“ სხვა ხელმძღვანელების პოლიტიკურად გაშველება ბიძინა ივანიშვილს უწევდა
ბიძინა ივანიშვილს ჩემი და სხვა ხელმძღვანელების პოლიტიკურად გაშველება უწევდა, – ამის შესახებ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელმა და დირექტორმა, არმაზ ახვლედიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს იყო ზაფხულის ცხელ დღეებში, მაშინ, როცა საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველო მარგველაშვილს ირჩევდა და მე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ვიყავი. ამ პოლიტიკური გაშველების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ გუნდში და სატელევიზიო ეთერებში ღიად ვამბობდი, რომ მიმართულება, რომლითაც მაშინ ვმოძრაობდით, აშკარად შეიცავდა ფასადურობის ნიშნებს და ასე ვერაფრით მივიდოდით იმ დაპირებებამდე, რომლითაც „ოცნება“ 2012 წელს მოვიდა. ეს როგორ და რა შედეგით დამთავრდა, ყველამ კარგად იცის, მაგრამ ამდენი წელი გავიდა და ამ გადასახედიდან, მე ამას სინანულით ვამბობ“, – განაცხადა ახვლედიანმა.
მისი თქმით, ფასადური დემოკრატია ძალიან დიდი პრობლემაა.
„მკაფიოდ მახსოვს, რა ხდებოდა შევარდნაძის პერიოდში; განსაკუთრებით, 2000 წლის შემდეგ რა ხდებოდა და 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ რამ მოიტანა. აღარაფერს ვამბობ 2003 წლის შემდეგ პერიოდზე, როდესაც იყო შანსი, ფასადურობა რეალური, შინაარსიანი, არსებითი დემოკრატიული პროცესით შეცვლილიყო. ეს ვერ მოხერხდა. 2012-ში, „ოცნების პირობებში, ასმაგად უფრო დიდი შანსი იყო, ფასადურობა ყველას ერთად დაგვეძლია და საქართველო ერთი ნორმალური ქვეყანა გამხდარიყო, მაგრამ 2012-დან დღემდე, ამ ყველაფერს ვტკეპნით, ერთი და იგივე ადგილზე ვართ და ლოგიკა გვკარნახობს, რომ ამ კუთხით, უკანაც მივდივართ“, – განაცხადა ახვლედიანმა.
როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ამ ფასადურობიდან გამოსვლა და მეტნაკლებად რეალური დემოკრატიული პროცესის წარმართვა ვერაფრით მოხერხდა.
„ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი დღეს?! ამაზე ალბათ, საჯარო სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეც გვიპასუხებს, რომ დღეს, პასუხისმგებელი ცხადია. ათი წლის წინ კი სხვა იყო და ოცი წლის წინ სხვა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი და სხვა ვერავინ იქნება. ცხადია – საზოგადოებაც, რადგან როგორც ჩანს, ის ხელისუფლებას ამის უფლებას ჯერ კიდევ აძლევს“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.