არმაზ ახვლედიანი - არ ვაპირებ მოლაპარაკებას პოლიტიკური სპექტრის იმ ნაწილთან, რომელსაც მიაჩნია, რომ პარლამენტში ოპოზიციის ჯანსაღი ინტერესების გაუთვალისწინებლად უნდა შევიდეს
არმაზ ახვლედიანი - არ ვაპირებ მოლაპარაკებას პოლიტიკური სპექტრის იმ ნაწილთან, რომელსაც მიაჩნია, რომ პარლამენტში ოპოზიციის ჯანსაღი ინტერესების გაუთვალისწინებლად უნდა შევიდეს

არ ვაპირებ, მოლაპარაკებები ვაწარმოო „ქართული ოცნების“ ან პოლიტიკური სპექტრის იმ ნაწილთან, რომელსაც მიაჩნია, რომ პარლამენტში უნდა შევიდეს ოპოზიციის ჯანსაღი ინტერესების გაუთვალისწინებლად, – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, არმაზ ახვლედიანმა ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა „გირჩთან“ და „მოქალაქეებთან“ მოლაპარაკებას.

ახვლედიანის განცხადებით, ის მხარს უჭერს ოპოზიციურ ერთობას.

„მე მხარს ვუჭერ დიდ ოპოზიციურ ერთობას, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში, რომელმაც ფაქტობრივად მოიგო ეს არჩევნები, მაგრამ უსამართლობის გამო ჩვენ ჯერ კიდევ გვქვია ოპოზიცია. მე არ ვაპირებ, ინდივიდუალურად ვაწარმოო მოლაპარაკებები „ქართული ოცნების“ ან პოლიტიკური სპექტრის იმ ნაწილთან, რომელსაც მიაჩნია, რომ უნდა შევიდეს პარლამენტში და ეს უნდა მოხდეს ჩვენი სახელმწიფო ინტერესების, კონკრეტულად, ოპოზიციის ჯანსაღი ინტერესების გაუთვალისწინებლად.

მოლაპარაკებას აზრი შეიძლება ჰქონდეს მაშინ, როდესაც გათვალისწინებულია საერთო ოპოზიციური პლატფორმა. მე არ მიმაჩნია, რომ უნდა დავყოთ ადამიანები: აი, ამასთან ვისაუბრებთ და იმასთან არ ვისაუბრებთ. მე მაგალითად, არავის არ დავყოფდი, არც ოპოზიციურ სპექტრში და არც „ქართულ ოცნებაში“, თუ მოლაპარაკებაზე მიდგება საკითხი. ვფიქრობ, მოლაპარაკება შესაძლებელია, მთავარია, რა არის მოლაპარაკების თემა და რამდენად შედეგიანია ის.

ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია. რაც შეეხება დროს, ეს შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი, მაგრამ ამისთვის საჭიროა ბრძოლაში გამობრძმედილი ოპოზიციური ერთობის საერთო ხედვა. ვფიქრობ, ახლა ამ ერთობის შენარჩუნება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს არც არავის ახირება და არც სკამებისთვის ბრძოლაა, აქ საუბარია იმაზე, როგორი იქნება საქართველო ხვალ – განვითარებული, დემოკრატიული, თუ კვლავ ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.