სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამსახურის უფროსმა მთავარი პროკურატურა დატოვა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამსახურის უფროსმა, არკადი ფიფიამ მთავარი პროკურატურა დატოვა.
როგორც არკადი ფიფიამ აღნიშნა, ის გლდანის საზოგადოებრივ ცენტრში წალენჯიხიდან მივლენილია, რადგან გადამზადების კურსები გაიაროს.
„2019 წლის იგეგმება წალენჯიხაში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა და ამასთან დაკავშირებით ვიმყოფები მივლინებაში, ოფიციალური ბრძანებით გავდივარ გადამზადებას. სხვა სპეციფიკაა, საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა და ამიტომ გავდივართ გადამზადების პროცესს”, – განაცხადა არკადი ფიფიამ.
მისივე თქმით, მის ნაცვლად წალენჯიხაში გადაწყვეტილებებს მოვალეობის შემსრულებელი იღებს.
რაც შეეხება კითხვას, ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების საკითხთან დაკავშირებით არკადი ფიფია ამ კითხვებს არ პასუხობს და ამბობს, რომ ეს კითხვები სამსახურის პრესსამსახურს უნდა დაუსვან.
„გლდანის საზოგადოებრივ ცენტრში მივლენილი ვართ, რათა მოვემზადოთ 2019 წლისთვის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნისთვის. სხვა დანარჩენ კითხვაზე მიმართეთ პრესსამსახურს”, – აცხადებს ფიფია.
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. გამოძიება დაიწყო. გუშინ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორები ეკა გიგაური, ირმა პავლიაშვილი და მიხეილ ბენიძე, ასევე სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები სოსო გიორგაძე და ბეჟან ობგაიძე გამოიკითხნენ. პროკურატურის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადეს. გამოკითხვიდან გამოსული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ წყარო, რომელმაც პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებაზე ინფორმაცია მიაწოდა, არ ესწრებოდა თათბირს, სადაც მათივე თქმით, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვაზე მსჯელობდნენ.
ამასთან, პროკურატურის განმარტებით, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება გრძელდება და დღეს საგამოძიებო უწყებაში უნდა გამოცხადდნენ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრესკონფერენციაზე დაასახელეს და ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ერთი წარმომადგენელი.