არის თუ არა ევროკავშირის დაშლის საფრთხე - ანალიტიკური სტატია ევროპის მომავალზე
არის თუ არა ევროკავშირის დაშლის საფრთხე – ამ სათაურით ანალიტიკურ სტატიას BBC აქვეყნებს. სტატიის ავტორი მარკ მარდელი 2016 წელს ევროკავშირისათვის ყველაზე მძიმე და საშინელ წელს უწოდებს. მისი შეფასებით, ის საფრთხეები, რომლებზეც მიმდინარე წელს საუბრობდნენ, მომდევნო წელს რეალობად იქცევა. როგორც მარდელი აღნიშნავს, მთელი კონტინენტის პოლიტიკის ტრანსფორმირების 60-წლიანი პროექტის დასასრული უკვე აშკარა შესაძლებლობაა.
„პოლიტიკოსების ნაწილი ამ პერსპექტივას სიხარულით ხვდება, ხოლო ნაწილი – შიშით, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილმა თუ იცის, რას ნიშნავს ევროკავშირისათვის საყრდენი სვეტების ჩამოშლა“ – აღნიშნულია სტატიაში.
მარკ მარდელი ხაზს უსვამს, რომ იტალიაში ჩატარებული კენჭისყრა არის პოპულისტური, არსებული ძალაუფლების წინააღმდეგ მიმართული ტალღა, რომელმაც პრემირ-მინისტრის გადადგომა გამოიწვია.
„ადრე თუ გვიან (2018 წლისთვის), მთავარი ოპოზიციური მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავი“ არჩეული იქნება იმ დაპირების გამო, რასაც ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება ჰქვია“ – აღნიშნულია სტატიაში.
BBC-ის ანალიტიკოსის შეფასებით, ევროპის ეკონომიკა ისევ ბორძიკით მიდის. ცალკე საკითხია მიგრანტთა კრიზისი და დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის ორბიტის დატოვება. მისი თქმით, უკვე აღარავინ უარყოფს, რომ „ბრექსიტი“ ევროკავშირისათვის სერიოზული დარტყმაა.
რაც ეხება ნიდერლანდებს, „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა გეერტ უილდერსმა მომავალი წლის არჩევნებში გამარჯვება იწინასწარმეტყველა. იმ შემთხვევაში, თუ ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, სურვილი აქვს, რომ ნიდერლანდებმა ევროკავშირი დატოვოს.
საფრანგეთის შემთხვევაში, საპრეზიდენტო არჩევნები ეროვნული ფრონტის ლიდერ მარინ ლე პენსა და მემარჯვენე ცენტრისტების ლიდერ ფრანსუა ფილონს შორის საბოლოო ბრძოლა იქნება. ლე პენი საფრანგეთის მოსახლეობას ჰპირდება, რომ ევროკავშირის დატოვების შესახებ რეფერენდუმს ჩაატარებს. ფრანსუა ფილონს კი სურვილი აქვს, რომ ფედერალური ევროპის ოცნება დასრულდეს.
„იტალიელები, ფრანგები და ჰოლანდიელები, მომდევნო წელს, ევროკავშირის არსებობის შესახებ კითხვებს აქტიურად დასვამენ. არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულ ქვეყნებში მოსალოდნელი არჩევნების ცენტრალური საკითხი სწორედ ევროკავშირის თემა იყოს.
იტალიის მიერ ევროკავშირის მოსალოდნელი დატოვება ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტისათვის დიდი შოკი იქნება, თუმცა მისი გადარჩენა შესაძლებელია. მაგრამ როგორი იქნება ევროკავშირი საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და დიდი ბრიტანეთის გარეშე?“ – წერს მარკ მარდელი.
BBC-ის ანალიტიკოსის აზრით, თეორიულად, ევროპის სამი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის გარეშე ევროკავშირის ფუნქციონირება შესაძლებელია, თუმცა განსხვავებული ვითარება იქნება სამხედრო საკითხებზე.
„ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ანგელა მერკელი მეოთხე ვადითაც გახდება გერმანიის კანცლერი. არავინ ფიქრობს, რომ ის არჩევნებს წააგებს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვებასაც არავინ ელოდა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში“ – აღნიშნულია სტატიაში.
გერმანიაში მემარჯვენე ფრთა საკმაოდ სერიოზულ გამოწვევას აყენებს. მათი შეთავაზება ფორმალურად არ ეხება ევროკავშირის დატოვებას, არამედ თითქოს ამას მხარდამჭერები მოითხოვენ.
მათ სურთ, რომ ცალკეულ სახელმწიფოებს მეტი ძალაუფლება დაუბრუნდეთ, ხოლო გერმანია მათ შორის პირველი იყოს.
როგორც იტალიის პრემიერმინისტრმა, ასევე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და ჰოლანდიის პრემიერმინისტრმა ამრკ რუტემ განაცხადეს, ევროკავშირის შეფერხების მიზეზი ის გახდა, რომ მან მაშინ დაიწყო სირბილი, როდესაც უბრალოდ სიარულიც შეეძლო.
მან გააუქმა შიდა საზღვრები გარე საზღვრების დაცვის გარეშე და შეიმუშავა საერთო სავალუტო სისტემა გადასახადების საერთო პოლიტიკის გარეშე.
„ჩვენ სერიოზულად უნდა მივუდგეთ ევროპის დაბრუნებას ერთმანეთთან კავშირის არმქონე ქვეყნების სისტემაში, რომელთაც არ ექნებათ საერთო სავაჭრო სივრცე, გაჩნდება საზღვრები და გაჩნდება შეკითხვა, რა ნაკვალევს დატოვებს და რა დარჩება ევროკავშირისგან.
რუსეთი ამ ყველაფრით იქნება ძალიან გახარებული და ვლადიმერ პუტინი დაწესებულ სანქციებზე გამკლავების ნაცვლად, დატკბება მეგობრებისა და მტრების შეგროვების პროცესით“ – აღნიშნულია სტატიაში.
BBC-ის ანალიტიკოს მარკ მარდელის აზრით, ცენტრალური საკითხი იქნება, რა ელის გერმანიას, რომელსაც დაკისრებული აქვს მძიმე ვალდებულება, რომ არსებულ ვითარებაში მოძებნოს კონსენსუსი.
„შესაძლოა, გერმანიის ეს მონდომება შეიცვალოს, თუ ქვეყნის სათავეში მემარჯვენეები აღმოჩნდებიან. თუმცა ძნელია იმის პროგნოზირება, როგორ შეძლებს გერმანია ჩადგეს იმ უნიკალური და ამბიციური პროექტის ნანგრევებს შორის, რომელშიც ამხელა ინვესტიცია განახორციელა“ – წერს მარკ მარდელი.
წყარო: BBC