არგენტინის პრეზიდენტმა ესპანეთის პრემიერის მეუღლეს „კორუმპირებული“ უწოდა, რის გამოც ესპანეთმა არგენტინიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია
არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის განცხადების გამო ესპანეთმა არგენტინიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. მადრიდში, პარტია „ვოქსის“ მიერ ორგანიზებულ ულტრამემარჯვენეების შეკრებაზე არგენტინის პრეზიდენტმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მეუღლეს, ბეგონა გომესს „კორუმპირებული“ უწოდა.
ესპანეთის მთავრობა ხავიერ მილეისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ელოდება. არგენტინის პრეზიდენტმა სოციალიზმს „დაწყევლილი და კანცეროგენული“ უწოდა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი სოციალისტური პარტიის ლიდერია.
„თავისი საქციელით მილეიმ ესპანეთსა და არგენტინას შორის ურთიერთობა უახლეს ისტორიაში ყველაზე სერიოზულ მდგომარეობამდე მიიყვანა“, – განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა.
არგენტინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა არგენტინულ მედიას განუცხადა, რომ ხავიერ მილეი ბოდიშის მოხდას არ აპირებს.
ხავიერ მილეის ვიზიტმა დაარღვია დიპლომატიური პროტოკოლი, რადგან მან უარი თქვა ესპანეთის მეფე ფელიპესთან და პედრო სანჩესთან შეხვედრაზე, ნაცვლად ამისა, ამჯობინა თავისი წიგნის პოპულარიზაცია „ვოქსის“ ლიდერთან, სანტიაგო აბასკალთან ერთად პარტიის მიტინგზე.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის უფროსმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ „პოლიტიკური ლიდერების ოჯახის წევრებზე თავდასხმებს ადგილი არ აქვს ჩვენს კულტურაში“.
საქალაქო სასამართლომ აპრილში განაცხადა, რომ ის განიხილავდა სანჩესის მეუღლის წინააღმდეგ გავლენის მოხდენის და ბიზნესკორუფციაში ბრალდებებს, რომლებიც შეიტანა ანტიკორუფციული აქტივისტების ჯგუფმა, „სუფთა ხელებმა“. თუმცა, მოგვიანებით მადრიდის პროკურორებმა განაცხადეს, რომ ისინი მტკიცებულებების არარსებობის გამო საქმის დახურვას ითხოვდნენ.