არგენტინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ლათინური ამერიკის ქვეყანა პოლიტიკური კურსის მკვეთრი ცვლილებისთვის ემზადება.
პროგნოზების მიხედვით, არგენტინის მოქმედი ლიდერი მაურისიო მაკრი არჩევნებში დამარცხდება. გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს მემარცხენე ცენტრისტ ალბერტო ფერნანდესს. მასთან ერთად ხელისუფლებაში სავარაუდოდ დაბრუნდება არგენტინის ყოფილი პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერიც. ის ვიცე- პრეზიდენტის თანამდებობაზეა წარდგენილი.
საარჩევნო მარათონის მთავრი თემა ეკონომიკაა. არგენტინის ეკონომიკა უკვე რამდენიმე წელია რეცესიაშია. მოქალაქეთა უმრავლესობა უკმაყოფილოა, რომ მემარჯვენე პრეზიდენტმა მაურისიო მაკრიმ ვერ შეძლო ქვეყნის სიდუხჭირიდან გამოყვანა. მისი მმართველობის დროს არგენტინული პესო დოლართან მიმართებით თითქმის ექვსჯერ გაუფასურდა. ალბერტო ფერნანდესი ამომრჩევლებს ეკონომიკის სტიმულირებას და ამავე დროს პენსიების და ხელფასების გაზრდას ჰპირდება.
არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ერთ-ერთმა კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 45%-ი უნდა მიიღოს, ან კონკურენტს 10%-ით აჯობოს და მას ელექტორატის 40% მაინც უნდა მიემხროს.