არჩილ თალაკვაძე - პატიმრების უფლებებით დღეს სპეკულირებს ხალხი, რომელსაც წლების განმავლობაში ხმა არ ამოუღია წამების, მკვლელობის არც ერთ საქმეზე
თუ ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტს, თუ მიაჩნიათ, რომ პარლამენტმა უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება, დაიბლოკოს და ბოქლომი დაედოს, აუხსნან საზოგადოებას, თან როგორ ხდება, რომ ითხოვენ საპარლამენტო უფლებამოსილებისა და პრივილეგიების გამოყენებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერი დეპუტატების, თინა ბოკუჩავასა და სერგო რატიანის მისამართით განაცხადა, რომლებიც ხმაურის გამო ბიუროს სხდომიდან გააძევა.
„თქვენი ეპატაჟის არავის ეშინია. ორივე მიბრძანდით გარეთ. ახლა რაც შეეხება პასუხს, რომლის მოსმენაც ამ ადამიანებს არ სურდათ. დავიწყოთ თანმიმდევრობით. ჯერ პასუხი უნდა გავცე ამ ხალხს. პირველი – ეს ის ხალხია, ვისაც პატიმრების პირობებზე, პატიმრების უფლებების დაცვაზე საუბრის არანაირი მორალური უფლება არ გააჩნია. ეს არის ხალხი, რომელიც წლების განმავლობაში დახუჭული თვალებითა და დუმილით ხვდებოდნენ ათასობით ადამიანის წამებას სასჯელაღსრულების სისტემაში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წელიწადში 340-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალებას საპატიმროებში ხვდებოდნენ დუმილით. ესენი არიან ადამიანები, ვინც ევროპის საბჭოს წამებათა კომიტეტის დასკვნებს ხვდებოდნენ სრული იგნორირებით. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არასოდეს, არც ერთი გარდაცვლილი პატიმრის, არც ერთი ნაწამები ადამიანის ბედით, არათუ მათ მშობლებთან შეხვედრით, არ დაინტერესებულან. დღეს ეს ადამიანები მოდიან და ხმამაღლა საუბრობენ პატიმრების პირობების მონიტორინგზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლისა და პატიმრების მონახულების უფლებას დეპუტატებს აძლევს პარლამენტის თავმჯდომარე დისკრეციულად.
„შესაბამისად, დღეს ეს არის ჩემი უფლებამოსილება, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, მივცე თუ არა დეპუტატს უფლება, შევიდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ამ ადამიანებმა გამოუცხადეს ბოიკოტი პარლამენტს და მეტიც, მონაწილეობდნენ პარლამენტზე ძალადობრივ შეტევაში და ეს ორი ადამიანი თანაპარტიელებთან ერთად ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ პარლამენტმა უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება, პარლამენტი უნდა იყოს დაბლოკილი, ეს ადამიანები, რომლებიც უარს აცხადებდნენ საჯაროდ და ბოიკოტს უცხადებდნენ, არალეგიტიმურს უწოდებენ პარლამენტს, დღეს ბიუროს სხდომაზე მოვიდნენ და ითხოვდნენ საპარლამენტო უფლებამოსილების მინიჭებას, საპარლამენტო პრივილეგიის გამოყენებას. გაუგებარია“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, თინა ბოკუჩავა და სერგო რატიანი რეგლამენტის თანახმად გააძევა ბიუროს ოთახიდან, რადგან ხელს უშლიდნენ სხდომის ჩატარებას.
„აუხსნან საზოგადოებას, თუ ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტს, თუ მიაჩნიათ, რომ პარლამენტმა უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება, უნდა დაიბლოკოს და ბოქლომი უნდა დაედოს კარებს, აუხსნან საზოგადოებას, თან როგორ ხდება, რომ ითხოვენ საპარლამენტო უფლებამოსილებისა და პრივილეგიების გამოყენებას, რომელზეც, კიდევ ერთხელ ვამბობ, გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე. შესაბამისად, სანამ ამ პირობებში ვიმყოფებით, მე მაქვს უფლება, მივიღო დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება. ეს ერთი. მეორეც, როდესაც სპეკულირებენ ეს ადამიანები, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომელთა პარტიას, ამ პოლიტიკურ გუნდს ხელები აქვთ გასვრილი პატიმრებისა და უდანაშაულო ადამიანების სისხლში, დღეს ეს ადამიანები კადრულობენ ბიუროს სხდომაზე ამ იაფფასიან ეპატაჟებს, ვის ეშინია თქვენი ყვირილის ან თქვენი ეპატაჟების. იყვირეთ რამდენიც გსურთ ქუჩაში. ასეთი პოლიტიკოსების ადგილი არის ქუჩაში. თქვენ ყოველთვის გაგაძევებენ ყველანაირი ცივილიზებული ფორმატიდან და დარბაზიდან, როდესაც ასე მოიქცევით. თუ გსურთ, დაუბრუნდეთ პარლამენტს და ისარგებლოთ საპარლამენტო უფლებამოსილებებით, მაშინ კეთილი ინებეთ და იყავით თანმიმდევრულები. დღეს ეს ადამიანები როგორც იქცევიან და სპეკულირებენ პატიმრების უფლებებით, ვინ სპეკულირებს პატიმრების უფლებებით, ეს ხალხი, რომელსაც არასოდეს, წლების განმავლობაში არასდროს ხმა არ ამოუღია არც ერთი წამების საქმეზე, არც ერთი პატიმრის მკვლელობის საქმეზე და დღეს ეს ადამიანები მოდიან და თითქოს პოლიტიკური პატიმრებისა და პატიმრების უფლებების შემოწმებას ითხოვენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.