არჩილ თალაკვაძე - არსებობს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების რესურსი, რომელიც 2020 წლის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას უზრუნველყოფს
მრავალმანდატიანი ოლქების პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, მაჟორიტარმა წარმოადგინოს ის საზოგადოება, რომელიც აირჩია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების გუშინდელ შეხვედრაზე კომენტირებისას განაცხადა.
„მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. ამას რამდენიმე კონკრეტული მიზეზი აქვს. უპირველესად, მრავალმანდატიანი ოლქები ითვალისწინებს გეოგრაფიისა და მუნიციპალიტეტების იმდენად გაერთიანებას საარჩევნო ადმინისტრაციის საზღვრებში, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, მაჟორიტარმა წარმოადგინოს ის საზოგადოება, რომელიც აირჩია; წარმოადგინოს ის ინტერესები, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ადგილზე აქვთ. მეორე პრობლემა ის არის, რომ მცირე და დიდ რაიონებს შორის არათანაბარი მიდგომაა ამ მოდელით. მესამე პრობლემა არის ის, რომ უშუალოდ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, კანდიდატებთან დაკავშირებით შიდა კონკურენცია უწევთ, რაც გარკვეულწილად პარტიების რესურსის დეფრაგმენტაციას იწვევს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ამ და სხვა მიზეზების გამო, აღნიშნულ მოდელზე შეთანხმება ვერ მოხდა, თუმცა დიალოგი გრძელდება.
„არსებული მოდელის ფარგლებში არის რესურსი, რომ ჩვენს კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებები გავაკეთოთ, რომელიც 2020 წლის არჩევნებს შერეული მოდელით, დემოკრატიულად და კონკურენტულად უზრუნველყოფს. თუ რაზე მოხდება შეთანხმება, ამას შემდეგი კონსულტაციები გვიჩვენებს. ამ დღეების განმავლობაში მოსამზადებელი სამუშაოები იქნება, რომ შემდეგი შეხვედრის თარიღი განვსაზღვროთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.