არჩილ თალაკვაძე - ვინმეს ინტერესებში თუ არ შედის დამკვირვებლები, ეს არის ძველი ოპოზიცია და დესტრუქციული ნაწილი, რომელიც დღესაც ცდილობს, არჩევნებს ჩრდილი მიადგეს
თუ ვინმეს ინტერესებში არ შედის დამკვირვებლები, ეს არის ძველი ოპოზიცია და დესტრუქციული ნაწილი, რომელიც დღესაც ცდილობს, არჩევნებს ჩრდილი მიადგეს – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად მუშაობს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში.
„ხელისუფლება მაქსიმალურად მუშაობს, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში. ამ შემთხვევაში, ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი განგებ აკეთებს განცხადებებს, რომ შექმნას განწყობა, თითქოს, ხელისუფლებას არ უნდა დამკვირვებლები. პირიქით, ძველ ოპოზიციას არ უნდა ბევრი დამკვირვებლის ჩამოსვლა. საერთოდ, მათი დღის წესრიგი არაა არჩევნები და მშვიდი საარჩევნო პროცესი. ისინი დესტრუქციული ქმედებებით გამოირჩეოდნენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენმა საზოგადოებამ ნახა ის ხალხი საპარლამენტო დარბაზებში რას სჩადიოდა, ასევე ქუჩაში, სადაც დემოკრატიული და მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად, მათ ყველაფერი გააკეთეს პარლამენტზე ძალადობრივი შეტევის განხოროცელებისთვის. თუ ვინმეს ინტერესებში არ შედის დამკვირვებლები, ეს არის ძველი ოპოზიცია და დესტრუქციული ნაწილი, რომელიც დღესაც ცდილობს, რომ არჩევნებს ჩრდილი მიადგეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, როგორც თალაკვაძე ამბობს, ყველაზე დიდ სადამკვირვებლო ინსტიტუტებთან სამუშაო შეხვედრები უკვე დაწყებულია.
„ყველაზე დიდ სადამკვირვებლო ინსტიტუტებთან სამუშაო შეხვედრები უკვე დაწყებული გვაქვს და დამკვირვებლები იქნებიან ძალიან წარმომადგენლობითი მისიებით“, -აღნიშნა თალაკვაძემ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე განაწილებით ოქტომბერში ჩატარდება.