არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია ქვეყნის უსაფრთხოებას ვიწროპარტიულ ინტერესებში ცვლის
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია ქვეყნის უსაფრთხოებას ვიწროპარტიულ ინტერესებში ცვლის

სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია დროული იყო და ოპოზიცია ქვეყნის უსაფრთხოებას ვიწროპარტიულ ინტერესებში ცვლის, – ეს განცხადება უმრავლსობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციების კომენტირებისას გააკეთა.

თალაკვაძე ოპოზიციის მოთხოვნას ვახტანგ გომელაურის ნდობის ჯგუფის ფორმატში მოსმენის შესახებ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

“ვახტანგ გომელაური პარლამენტში ბრძანდებოდა და ნდობის ჯგუფს სრული ინფორმაცია მიაწოდა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ნდობის ჯგუფში ოპოზიციის წარმომადგენელიცაა. რაც შეეხება ამ სპეცოპერაციას, როდესაც ტერორისტებმა სპეცრაზმელი მოკლეს, ოპოზიციის სწორედ ამ ნაწილმა ეს ხელისუფლებას დააბრალა. ახლა, როდესაც სპეცოპერაცია პანკისში ჩატარდა და ტერორისტებთან სავარაუდოდ პირდაპირ კავშირში მყოფი ადამიანი დაიჭრა და ამის მტკიცებულება სწორედ გუშინ გასაჯაროვდა, ისევ ოპოზიციის ეს ნაწილი ბრალდებას სახელმწიფოს უყენებს. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ “ნაციონალური მოძრაობისთვის” ეროვნული და საზოგადოების დაცვის ინტერესი სულერთია და ისინი მხოლოდ ვიწროპარტიულ ინტერესებში, ვიწროპარტიულ დღის წესრიგში ცვლიან იმ ღირებულებას, რასაც ჩვენს ქვეყანაში ადამიანის და საზოგადოების უსაფრთხოება ჰქვია. ვიდეო კადრები ვრცელდება, სადაც ადამიანი პირდაპირ უკვე ლიკვიდირებულ ტერორისტებთან კავშირშია. თქვენთვის ეს კავშირი დამაჯერებელი არ არის? ამ შეკითხვას საფუძველი რამდენად შეიძლება ჰქონდეს უკვე საზოგადოებამ შეაფასოს”,- განაცხადა თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, თბილისსა და პანკისში სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია დროული იყო და ტერორიზმთან მიმართებაში საქართველო უკომპრომისო იქნება.

“სპეცოპერაციის შემდეგ ჩატარებულმა გამოძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს სპეცოპერაცია წარმატებით ჩაატარა და ორივე ამოცანის შესრულება, რასაც პრევენციის ასევე, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა და ტერორისტული თავდასხმის საფრთხის განეიტრალება ჰქვია, მოახერხა. დღეს უკვე, როდესაც შემდგომი გამოძიებით სამალავები და ის საშუალებები გამოჩნდა, რომელიც ამ ადამიანებს ჰქონდათ დამალული, ტელეფონებში და კომპიუტერის საშუალებით მათი კომუნიკაცია გაიშიფრა, კიდევ ერთხელ აშკარდ დადასტურდა, რომ უსაფრთხოების სამსახურის ჩატარებული სპეცოპერაცია დროული იყო და ამით საფრთხის განეიტრალება და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა მოხდა. ტერორიზმთან მიმართებაში ჩვენ და მსოფლიო თანამეგობრობა მომავალშიც უკომპრომისო ვიქნებით. პარლამენტი ამ პროცესს რა თქმა უნდა ზედამხედველობას გაუწევს”,- განაცხადა თალაკვაძემ.