არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე საქართველო სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს
არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე საქართველო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენ სარჩელზე მუშაობა მალე დასრულდება და მოპასუხე რუსეთის ფედერაცია იქნება.
„იუსტიციის სამინისტრომ მთავრობასთან შეთანხმებით ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო სარჩელის მომზადება სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნად, როცა ჩვენი ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობდა ცხინვალის რეგიონიდან ცხედრის დასაბრუნებლად. ამის შემდეგ ცხედრის გადმოცემა მოხდა, რომელსაც პატივი მივაგეთ და მიწას მივაბარეთ, მაგრამ არ შეჩერებულა სარჩელის მომზადების პროცესი. სარჩელს ძალიან მოკლე ვადებში დავასრულებთ, ყველა პროცედურის დაცვით, რაც გაზრდის ჩვენი, როგორც მოსარჩელე მხარის შანსებს. ამ საქმეზე, რა თქმა უნდა, მოპასუხე რუსეთის ფედერაცია იქნება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.