არჩილ ტატუნაშვილის მამა პროკურატურაში დაიბარეს
არჩილ ტატუნაშვილის მამა პროკურატურაში დაიბარეს

არჩილ ტატუნაშვილის მამა და ოჯახის ადვოკატი 16 აპრილს, 11:00 საათზე, მცხეთის პროკურატურაში დაიბარეს, ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, თამარ ავალიანმა დაუდასტურა.

„ველოდებით ახალ ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. არჩილ ტატუნაშვილის მამას აქვს მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც უნდა დაადგინოს გარდაცვალების მიზეზები, დაზიანებების ხარისხი და სხვა.

ოჯახმა მიმართა გამოძიებას და მოვითხოვეთ საგამოძიებო მასალებზე წვდომა. გვინდა, გავეცნოთ იმ მასალებს და გვსურს, ვიცოდეთ, რას გეგმავენ და რა ღონისძიებები ტარდება. შესაძლებელია, რომ იყოს ობიექტური გარემოებები, ეს ოჯახს ძალიან კარგად ესმის, თუმცა საქართველოს მთავრობამ ყველა ძალისხმევა უნდა გაიღოს, ყველა რესურსი და მექანიზმი გამოიყენოს“, – აცხადებს პირველ არხთან საუბარში თამარ ავალიანი.

ავალიანი ამბობს, რომ ოჯახი დროულ და ეფექტიან გამოძიებას ელოდება.

„ველოდებით დამნაშავეების იდენტიფიცირებას და დასჯას. ოჯახსა და ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი იცოდეს. სახელმწიფომ თავისი მოქალაქის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უნდა გამოიძიოს“, – აცხადებს თამარ ავალიანი.