არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს ინდივიდუალური სარჩელით მიმართავს
გიორგი ტატუნაშვილის სახელით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შესატანად ინდივიდუალური სარჩელი მზადდება, – ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა, თამარ ავალიანმა განაცხადა.
ამასთან, ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ საქმის გამოძიება სრულყოფილად და ეფექტიანად წარიმართება.
„ჩვენ ვამზადებთ ინდივიდუალურ საჩივარს გიორგი ტატუნაშვილის სახელით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. იმედს გამოვთქვამთ, რომ გამოძიება იქნება სრულყოფილი და ეფექტიანი, არ გაჭიანურდება და ჩვენ არ მოგვიწევს საქართველოს წინააღმდეგაც საჩივრის შეტანა, თუმცა ამ ეტაპზე, ეს არ წარმოადგენს ჩვენს მიზანს. ჩვენი მიზანია, საქართველოს ხელისუფლებამ გამოძიება ეფექტურად და სრულყოფილად ჩაატაროს. რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ საჩივარს, მზადების ეტაპზეა“, – განაცხადა ავალიანმა.
ამასთან, მისი თქმით, ძალიან ბევრი კითხვაა ექსპერტიზასთან დაკავშირებით, ორ თვეზე მეტია გასული და ექსპერტიზის არც შუალედური და არც საბოლოო დასკვნა ცნობილი არ არის.
„რაც შეეხება ექსპერტიზას, ჩვენ არაერთი კითხვა გვაქვს. უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა და ექსპერტიზის არც შუალედურ და არც საბოლოო დასკვნას არ ვიცნობთ. არ ვიცით რა მეთოდოლოგიით ტარდება ექსპერტიზა, ის, რომ გარეგნული დათვალიერების შესახებ და იმ დაზიანებებზე ექსპერტიზა თავიდანვე იყო ინფორმირებული და ამ დაზიანებებთან დაკავშირებით რა პოზიცია აქვს, რადგან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არჩილ ტატუნაშვილი ნაწამები იქნა და ამას მოჰყვა მისი გარდაცვალება“, – განაცხადა ავალიანმა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია გარდაცვალების მიზეზების დადგენა.
„ძალიან მნიშვნელოვანია გარდაცვალების მიზეზების დადგენა და სახელმწიფოსგან იმ ფაქტის დადგენა ოფიციალურად, რომ არჩილ ტატუნაშვილი იქნა ნაწამები. ის, რომ შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა ტატუნაშვილს, ამის შესახებ მედიისგან გაიგო ოჯახმა სულ რაღაც სამი კვირის წინ და აქამდე არ იცოდა. ექსპერტიზის ბიურო ვალდებული იყო საქმის კურსში ჩაეყენებინა ოჯახი ამასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, დროულად ჩატარდეს ექსპერტიზა და მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუ დებს შედეგებს, რა შედეგებია, თუ ჭიანურდება, რატომ ჭიანურდება ან თუ შეუძლებელია ექსპერტიზის ჩატარება, ამასთან დაკავშირებითაც აგვიხსნას მიზეზები“, – განაცხადა ადვოკატმა.
ამასთან, ავალიანის განმარტებით, ოჯახი მიმართავს გამოძიებასაც, რადგან გარდა მკვლელობის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლისა, გამოძიება წამების მუხლითაც უნდა წარიმართოს.
„წამება, რომელსაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, სისხლის სამართლის კოდექსში ეს დანაშაული არის. არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება მოხდა არა გულის იშემიური უკმარისობის შედეგად, როგორც ამას დე ფაქტო მთავრობაში აცხადებენ, არამედ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად. სახელმწიფომ და ექსპერტიზის ბიურომაც წამების საკითხი უნდა წამოწიოს წინ და იმსჯელოს იმ დაზიანებებზე, რომელიც ტატუნაშვილს აღენიშნებოდა“, – განაცხადა ავალიანმა.
ამასთან, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სახელმწიფო მიმართავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენ სარჩელზე მუშაობა მალე დასრულდება და მოპასუხე რუსეთის ფედერაცია იქნება.