არჩილ თალაკვაძე - ვფიქრობ, ჯანსაღი ოპოზიციისთვის საარჩევნო რეფორმა შეიძლება იყოს ის საკითხი, რომლითაც საპარლამენტო პროცესში ჩაერთვებიან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კონსენსუსი თითქმის არსებობს, რაც ჯანსაღი ოპოზიციური პარტიებისთვის კარგი არგუმენტია, თუ რატომ უნდა შევიდნენ ისინი პარლამენტში და მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო განხილვებში.
თალაკვაძის თქმით, „ჯანსაღი ოპოზიცია პარლამენტში თუ შევა, მმართველი გუნდი მზადაა, საარჩევნო რეფორმაზე მათთან ერთად იმუშაოს“.
„ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება ეუთო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით. 10 თვეში გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ის საკითხი გვაქვს იდენტიფიცირებული, სადაც საკანონმდებლო ცვლილებების განხირციელებაზე ჩვენი პოლიტიკური ნება გამოხატულია.
ეს უნდა ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილსაც. ჩვენ მზად ვართ, როდესაც ისინი პარლამენტში შემოვლენ, ეს ცვლილებები მათთან ერთად გავაკეთოთ. ფასილიტატორებმა ეს რეალობა იციან. ტექნოლოგიების შემოტანა არჩევნებში არის საარჩევნო რეფორმის შემდეგი ეტაპის საკითხი, რომელზეც ჩვენ გვქონდა მსჯელობა.
თუ ჯნსაღი ოპოზიცია პარლამენტში შემოვა, ჩვენ მზად ვართ, მათთან ერთად ვიმუშავოთ საარჩევნო რეფორმაზე, დროზე ჩავატოროთ ეს რეფორმა და კიდევ უფრო გაუმჯობესებულ გარემოში შევხვდეთ თვითმმართველობის არჩევნებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძის განმარტებით, თვითმმართველობის არჩევნებზე ახალი ტექნოლოგიების გამოყენების საკითხი იყო განხილვის საგანი ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის და ამაზე დიდწილად შეთანხმება მიღწეულია.
აღნიშნული კომენტარით თალაკვაძემ უპასუხა კითხვას: „თვითმმართველობის არჩევნებზე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე ელჩების თანდასწრებით საუბრობდით ოპოზიციასთან, თუ ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვედრებისას“.
„ჩვენ „ჩეთემ ჰაუსის“ წესებით ვხელმძღვანელობთ, ჯერჯერობით დიალოგის ფარგლებში, რაც ნიშნავს, რომ იქ რაზეც ვსაუბრობთ, ამ დეტალებს არ ვახმაურებთ. ამიტომ მხოლოდ ზოგადად გიპასუხებთ, რომ ეს საკითხი იყო განხილვის საგანი ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის და ამაზე დიდწილად შეთანხმება მიღწეულია. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯანსაღი ოპოზიციისთვის საარჩევნო რეფორმა შეიძლება იყოს ის საკითხი, რომლითაც საპარლამენტო პროცესში ჩაერთვებიან და პარლამენტში შემოვლენ, ისე როგორც მათ საკუთარმა მხარდამჭერებმა დაავალეს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე დაგეგმილ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
მისი თქმით, საარჩევნო რეფორმის ძირითადი ასპექტები ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების პროცესში შეჯერდა.
კობახიძის განმარტებით, რეფორმის გარკვეული საკითხების განხორციელება მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაგეგმილია ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას არჩევნების შედეგების დათვლისას.