არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით, აშშ-ში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი იგეგმება
საქართველოს პარლამენტი და ხელისუფლება აშშ-ში მაღალი დონის დელეგაციებით იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში აშშ-ში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტები.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პარლამენტს მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე, ყოველი თვის ფარგლებში ექნება სამუშაო ვიზიტები და საქართველოს პარლამენტი და ხელისუფლება აშშ-ში მაღალი დონის დელეგაციებით იქნება წარმოდგენილი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მისი ხელმძღვანელობით იგეგმება.
„ერთ-ერთი პირველი ვიზიტი, რომელიც იგეგმება, იქნება ჩემი ხელმძღვანელობით. გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები, როგორც აშშ-ის კონგრესში, ისე სახელმწიფო დეპარტამენტში, არასამთავრობო სექტორთან, ექსპერტებთან და აკადემიურ წრეებთან. ვიზიტის ფარგლებში, რა თქმა უნდა, თანამემამულეებსაც შევხვდებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.