არჩილ თალაკვაძესა და ევროპარლამენტის თავმჯდომარე დავიდ სასოლის შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ სასოლის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ თემებს, „კოვიდ-19“-ის ვაქცინაზე წვდომის საკითხს და საქართველოს რეფორმებს შეეხო.
„დავიდ სასოლიმ დადებითად შეაფასა ასოცირების დღის წესრიგით საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და გამოხატა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპელ კოლეგას გააცნო ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ.
დავიდ სასოლიმ ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ძალისხმევით პოლიტიკური დიალოგის განახლების საჭიროებას და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები დაძაბულობის შემცირებას შეძლებენ“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.