საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თანამშრომლებს პროფესიონალური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც 25 წელზე მეტია ღირსეულად ემსახურებიან ამ ინსტიტუტს.
„დეპუტატების, პარლამენტის სახელით მინდა ვთქვა, რომ გვეამაყება თითოეული თანამშრომელი, რომელიც პროფესიონალურად ემსახურება პარლამენტს. განსაკუთრებით საამაყო არიან ის თანამშრომლები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად, პროფესიონალურად ემსახურებიან ამ ინსტიტუციას. ჩვენ შევხვდით თანამშრომლებს და ვნახეთ მათ შორის არა ერთი ისეთი ადამიანი, რომელიც 25 და მეტი წელია ღირსეულად და ერთგულად ემსახურება ამ ინსტიტუტს. მინდა, პარლამენტის სახელით მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ხშირად არ ჩანან მედიაში, არ ჩანან ამ დარბაზში, მაგრამ ისინი აკეთებენ საქმეს პროფესიონალურად. ჩემგან ხელმარჯვნივ არის ეთერ სვიანაიძე, რომელიც უკვე 51 წელია ემსახურება საქართველოს პარლამენტს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.