არჩილ თალაკვაძემ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს 100 წლის იუბილე მიულოცა
დაარსებიდან 100 წელი ნამდვილად ნიშნავს, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური არის ინსტიტუციონალიზებული და დროისა და ისტორიის ტესტი ამ ინსტიტუციამ ჩააბარა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ სამსახურის თანამშრომლებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და მათი საქმიანობის მაღალ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„სტატისტიკის ეროვნული სამსახური 100 წლისაა! საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობას ვუხდი სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მის ხელმძღვანელს გაწეული სამუშაოსთვის.
სანდო სტატისტიკური მონაცემებით სახელმწიფო ესაუბრება არამხოლოდ თავის მოქალაქეებს, არამედ ცივილიზებულ მსოფლიოს, რომელიც ყოველდღიურად იღებს გადაწყვეტილებებს ვისთან ითანამშრომლოს, სად ჩადოს ინვესტიცია, რომელ ქვეყანასთან ჰქონდეს სავაჭრო ურთიერთობები და ტურიზმი. სტატისტიკური მონაცემების შექმნა დიდი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.