არჩილ თალაკვაძემ რომან გოცირიძესა და სერგი კაპანაძეს მიმართა - ვერანაირი ფული ვერ გამოხატავს იმ დარღვევებს, რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი, როგორც ხელისუფლება და პოლიტიკური ძალა
ვერანაირი ფული ვერ გამოხატავს იმ დარღვევებს, რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი, როგორც ხელისუფლება, თქვენი პოლიტიკური ძალა, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს.
„გულწრფელად გეუბნებით, კიდევ ერთხელ ვეცდები, რომ უფრო მეტად და მარტივად აგიხსნათ რაშია საქმე. ბოიკოტმა და სხდომების გაცდენამ ცუდი გავლენა მოახდინა თქვენზე, ბატონო სერგი. გეტყობათ, რომ გაოცებული ხართ ელემენტარული რამით, რომელიც არის საპარლამენტო, სახელისუფლო, საკანონმდებლო სამუშაოს ანი და ბანი. როდესაც დარგობრივი კომიტეტი მუშაობს სამინისტროსთან საკანონდებლო პაკეტზე და რეფორმაზე, ეს არის ჩვეულებრივი კანონშემოქმედებითი საქმიანობის ნაწილი, რომელმაც თქვენ ასე გაგაოცათ და აღგაშფოთათ. ამიტომ ნუ გიკვირთ, თუ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ბიუჯეტის დამტკიცებამდე სამინისტროსთან თანხმდება გარკვეულ საკითხებზ. თქვენ თქვით, როგორ შეიძლება, რომ მთავრობასთან წინასწარ შეთანხმდეს პარლამენტიო. როდესაც განათლების სამინისტროსთან განათლების კომიტეტი თანხმდება საკანონმდებლო პაკეტზე და მერე ხდება ინიციატივა, ეს არის კანონშემოქმედებითი მუშაობის ანი და ბანი. სხდომებს ნუ გააცდენთ, რადგან დაგავიწყდათ ის, რაც არი საბაზისო საკანონმდებლო მუშაობაში. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, მარტო ის კამარა, რომ 120/30-ზე სისტემა იყო თქვენი ინიციატივა, არსებითად პროპორციული და პროპორციულთან მიახლოებული. ეს ინიციატივა შეთანხმდა ფართო პოლიტიკურ ჯგუფში, პარტნიორებთან ერთად. ყველანი გამოვედით, საზოგადოებას ვუთხარით, რომ ამას დავამტკიცებდით, დავაინიცირეთ ეს ყველაფერი და თქვენ მხარი არ დაუჭირეთ. კი არ ჩავაგდეთ, ჩვენ მივიღეთ და თქვენ, ოპოზიციამ საკუთარ მოთხოვნას არ დაუჭირეთ მხარი. ახლა კი, ხალხს ეუბნებით, რომ მხარს ვუჭერთ, მაგრამ ხმას ვერ ვაძლევთო. ასეთი გასაოცარი პოლიტიკური კლასი შესთავაზეთ საზოგადოებას და ახლა ვერ გავიგე, რითი ხართ აღშფოთებული, სიტყვა-პასუხში გინდათ მომიგოთ? მეხსიერებაში? ან თეა წულუკიანით გინდათ გადაფაროთ ის კანონდარღვევა, რაზეც თქვენი ხელისუფლება იყო პასუხისმგებელი. გინდათ, ფინანსური შედარება გავაკეთოთ, გინდათ, უფლებრივი შეფასება. წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ადარებთ კონკრეტული ავტორიზაციის აქტის გასაჩივრებას. სიცოცხლის უფლების დარღვევას ადარებთ იმას, რომ თეა წულუკიანი ერთი კვირის წინ იყო მოსული, ახლა ამ კვირაშიც მოვიდეს, რატომ არ მოდისო, პრეტენზიას აყენებთ. ბიზნესებს ღამღამობით რომ იბარებდით და ართმევდით ქონებას, მაგ საკუთრების უფლების დარღვევას ადარებთ აქ პროცედურულ მოთხოვნას თქვენი ფრაქციის, რომ მაინცდამაინც პლენარული სხდომის დღეს გამართეთ საკომიტეტო შეხვედრებ?“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მხოლოდ მიმდინარე თვეში, წინა ხელისუფლების დარღვევებზე საქართველოს ექვსი მილიონი დააკისრა.
„რა ფინანსურ ჯარიმებზე მელაპარაკებით. ვერანაირი ფული ვერ გამოხატავს იმ დარღვევებს, რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი, როგორც ხელისუფლება, თქვენი პოლიტიკური ძალა და პირადად თქვენც. თუ ამ განცხადებებს აკეთებთ დღეს, თქვენც ხართ ამაზე პასუხისმგებელი. თუ ამის დათვლა გინდათ, ბატონ რომანთან ფინანსურად დავითვალოთ, გინდათ თქვენთან ადამიანის უფლებების ჭრილში დავითვალოთ. შეუდარებელი ამბავია, საერთოდ რითი გინდათ გადაფაროთ, რომ ქალბატონი წულუკიანი ყოველ კვირა რატომ არ მოდის თქვენ დაძახებულზე? ამით გინდათ გადაფაროთ ის, რომ სტრასბურგში ყოველწლიურად სამი ათასი საჩივარი შედიოდა და დღეს ათი წელია გასული იმ დარღვევების შემდეგ და ათი წლის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეებს თქვენი დარღვევების გადახდა უწევთ ჯარიმების სახით და ამას მელაპარაკებით? დავანებოთ ამას თავი და მომავალზე ვიფიქროთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ეს პარლამენტი არის მომავალზე ორინტირებული ძალა და ფიქრობს, რა გააკეთოს მომავალში, რათა ქვეყნის განვითარების პროცესს ხელი შეუწყოს და მოქალაქეებმა უკეთესად იცხოვრონ.