არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა - გაუგებარია, როგორ შეიძლება, მიშელის შეთანხმებაზე გვესაუბრებოდეთ და ხალხს აწამებდეთ სიცხეში კარვებში
გაუგებარია, როგორ შეიძლება, მიშელის შეთანხმებაზე გვესაუბრებოდეთ და ხალხს აწამებდეთ სიცხეში კარვებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძე განაცხადა, რომელმაც პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა.
თალაკვაძე დაინტერესდა, იმ პირობებში, როცა ოპოზიცია პარლამენტში შევიდა და საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტი აღარ მიმდინარეობს, კვლავ იმყოფებიან თუ არა პარლამენტთან განთავსებულ კარვებში ადამიანები.
„მინდა, მივმართო ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც თვეების განმავლობაში არწმუნებდა დანარჩენებს, რომ არჩევნების შემდეგ პარლამენტში შესვლა არ შეიძლება და ეს არ არის დემოკრატია. ახლა მიხვდით, რას ნიშნავს დემოკრატია? ამ შვიდი თვის შემდეგ მიხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თქვენც გამოხვიდეთ ამ ტრიბუნასთან, დასვათ კითხვები და თქვენი კრიტიკული პოზიციები დააფიქსიროთ? მიხარია, რომ მეთანხმებით, მაგრამ ვერ გავიგეთ, ამ დარბაზში ოპოზიციის მხარეს ვის აქვს პასუხისმგებლობა. ორი კვირის განმავლობაში გისვამთ კითხვას – პარლამენტის უკან რკინის ფარების აღება რომ გაგეხარდათ „გირჩის“ წარმომადგენლებს, თუ გაარკვიეთ, პარლამენტის წინ რომ კარვები რჩება, ქალბატონი თინა ბოკუჩავა მიყურებს, თქვენი პარტიის ორგანიზებულია ეს? თუ იცით, რამდენი ადამიანია ახლა ამ კარვებში 38 გრადუს სიცხეში, არიან ადამიანები კარვებში, თუ არ არიან. თუ არიან, რატომ აწამებთ ამ ადამიანებს მას შემდეგ, რაც პარლამენტში შემოხვედით და არანაირი პროტესტი არ ისმის იქ. თუ არ არიან, მაშინ იქნებ, ისევ შეიკრიბოთ ოპოზიცია, რომელსაც გაგეხარდათ ამ ფარების აღება და სთხოვოთ ადამიანებს, რომ წაიღონ კარვები და როცა პროტესტი ექნებათ, მაშინ შეუძლიათ, მობრძანდნენ. სხვანაირად გაუგებარია უბრალოდ, როგორ შეიძლება, მიშელის შეთანხმებაზე გვესაუბრებოდეთ და ხალხს აწამებდეთ სიცხეში კარვებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.