არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას მიმართა - თქვენ რომ ელჩებს ესხმით თავს, პარტნიორი ქვეყნების მთავრობებს აკრიტიკებთ და პატივს არ სცემთ ღირებულებებს, ეგეთი ჯერ არავის უნახავს ამ ქვეყანაში
დღეს ოპოზიციის ერთი ნაწილის მხრიდან რაც მოვისმინეთ, არის თვალთმაქცობის კიდევ უფრო მაღალი დონე. მთელმა საზოგადოებამ ნახა, რომ წინა სესიაზე საკითხზე, უჭერენ თუ არა მხარს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ახლა და უპირობოდ, ორი პოლიტიკური ჯგუფის გარდა, არც ერთმა ოპოზიციონერმა მხარი არ დაუჭირა თავისი სამშობლოსთვის უპირობოდ ამ სტატუსის მიცემას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ადამიანები საკუთარ სამშობლოს პირობებს უყენებენ.
„ეს ადამიანები თავის სამშობლოს უყენებენ პირობებს და ჩვენ გველაპარაკებიან ევროპულ ფასეულობებზე. ქალბატონ ხათუნა სამნიძეს მინდა, ვუთხრა. ძალადობის წახალისებაში ჩვენ რომ გვადანაშაულებს, სინამდვილეში, ჩვენ ვგმობთ ძალადობას, ვრეაგირებთ ძალადობაზე. პოლიციამ დროულად იმოქმედა და დაიცვა ადამიანები ძალადობისგან. ძალადობა და ძალადობის წახალისება, სინამდვილეში, არის ის, რასაც თქვენ აკეთებდით და აკეთებთ, როდესაც მთავარ მოძალადეს აცხადებთ თავისუფალი მედიის მენეჯერად. როდესაც ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევებში ბრალდებული ადამიანი გმირად გამოგყავთ საქართველოს საზოგადოებისა და ევროპის წინაშე. როდესაც პოლიტიკურ გუნდში დაპატიჟეთ ხალხი, რომლებსაც ყველაზე მძიმე დანაშაულებში აქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს არის ძალადობის წახალისება და არა ის, რასაც თქვენ აკეთებთ, თორემ ბერძენიშვილები რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე სიხშირე არიან და რომ გადართავენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მაქედან ექსპერიმენტებს ატარებენ საქართველოს ისტორიაზე, ეკლესიაზე, ეროვნულ ღირებულებებზე, ყველა ფასეულობაზე, რამაც ეს ქვეყანა დღემდე მოიყვანა, საზოგადოებამ კარგად იცის. ეს არის იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე სიხშირე, მეორე არხი. რასაც ვერ ამბობს „ნაციონალური მოძრაობა“, ამ შემთხვევაში, ამბობენ, ძმები ბერძენიშვილები და უტიფრად აქეთ გვადანაშაულებენ, რომ ძალადობას ახალისებთო.
გვითხარით, თქვენ რა პრობლემებზე მუშაობთ. ყველაზე მეტად როცა სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, შვიდი თვის განმავლობაში იყავით ბოიკოტში. პრობლემები მაშინ გვქონდა თუ გვქონდა, პანდემია იყო, ეკონომიკური რეცესია. პარლამენტის ამუშავება ძალიან სჭირდებოდა სახელმწიფოს, ქვეყანას. რეფორმები მაშინ იყო გასატარებელი, კანონები მისაღები და თქვენ 7-8 თვე საბოტაჟს უწყობდით საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარი ქვეყნის პარლამენტს. საერთოდ რა საქმესა და პრობლემებზე მელაპარაკებით. რომელ პრობლემაზე ისაუბრეთ, რომელ მინისტრს დაუსვით პრობლემებთან დაკავშირებით კითხვები, აქ რომ იყვნენ. არც ერთს. ბატონი კახა ოქრიაშვილის გამკვირვებია, რვა წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებაში“ იყო და ახლა აცხადებს, უნდა ვაიძულოთ „ქართული ოცნება, ეს ან ის გააკეთოსო. ასეთი არათანმიმდევრულობა არ შეიძლება. იმიტომ აგებთ ყველა არჩევნებს, რომ არათანმიმდევრულები ხართ და შემდეგ ცდილობთ, არჩევნების გვერდის ავლით შეხვიდეთ პოლიტიკაში და ქუჩაში მოაწყოთ არეულობები. რომ წამოგვაძახეთ, ვითომ თქვენი მიღებული იყოს ეს რეზოლუციები. გუშინ მთელმა ევროპარლამენტმა დაუჭირა მხარი საქართველოს ევროინტეგრაციას. კარგად დავინახეთ, წინა სესიაზე მხარი არ დაუჭირეთ საკუთარი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას და შემდეგ დაიწყეთ ევროპაში სიარული, იქიდან პიარჩართვები, ვითომ გული შეგტკივათ საქართველოს ევროინტეგრაციაზე, რაც გამხილეთ იმაში, რომ ამის წინააღმდეგ მუშაობდით თვეების განმავლობაში. ესაა თვალთმაქცობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ევროპულ ღირებულებებს თავს არ ესხმის, პირიქით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ კონსტიტუციაში ჩაწერეს.
„თავდასხმებს რაც შეეხება, თქვენ რომ ელჩებს ესხმით თავს, პარტნიორი ქვეყნების მთავრობებს აკრიტიკებთ და ღირებულებებს არ სცემთ პატივს, ეგეთი ჯერ არავის უნახავს ამ ქვეყანაში. კიდევ აქეთ გაქვთ პრეტენზია, რომ ჩვენ ვესხმით თავს ვინმეს? სად ნახეთ, რომელ ევროპულ ღირებულებებს დაესხა თავს „ქართული ოცნება“, ჩვენი ხელისუფლება. კონსტიტუციაში ჩავწერეთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ. რომელმა დაუჭირეთ მხარი ამ კონსტიტუციას, ხელის აწევით რომ მანიშნოთ. არც ერთმა. მაშინაც საბოტაჟში იყავით, როდესაც ევროპას და ევროპულ ღირებულებებს ეხებოდა საქმე. დღესაც იმავეს აკეთებთ.
ვაშაძეს წამოცდა, ხალხს აშინებთ, რომ ომში ვერ იღებენ მონაწილეობასო. ესეც პოლიტიკური წამოცდენაა. ჩემი აზრით, ამას სათანადო შეფასებები უნდა მოჰყვეს. ფაქტია, რომ თქვენ ნებისმიერ ფასად გინდათ, ქვეყანაში არეულობა შემოიტანოთ. წააგეთ ბევრი არჩევნები, არ გაქვთ დემოკრატიული არჩევნების იმედი, არ გაქვთ ხალხის რეალური მხარდაჭერა, გინდათ, რომ ქვეყანა აირიოს ნებისმიერ ფასად. თუ ეს იქნება ომი, ესეც გაწყობთ და მისაღებია თქვენთვის. ამიტომ, ევროპულ ღირებულებეზე აქ ნუ საუბრობთ ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი ანტიევროპული გააკეთეთ ამ ქვეყანაში. სასამართლოც დაქვემდებარებული გყავდათ, ადამიანის უფლებებსაც არღვევდით, ზოგჯერ ტყეებში და ზოგჯერ ციხეებში. მედიასაც აკონტროლებდით ვერტიკალურად და სტრასბურგშიც 2 000-მდე სარჩელი შედიოდა თქვენი ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს იყო თქვენი ევროპელობა. დღევანდელ რეალობას შეადარეთ და ყველაფერს მიხვდებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.