არჩილ თალაკვაძემ „ნაცმოძრაობას“ მიმართა - ათასობით მოქალაქე წარმოუდგენელ ტერორში გაატარეთ, გარიცხეთ საქართველოს ეკონომიკიდან, საზოგადოებიდან, ხელყავით მათი ღირსება, გაუნადგურეთ ჯანმრთელობა
წინა ხელისუფლების დროს უვიზო რეჟიმი რომ ჰქონოდა საქართველოს, შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის ემიგრაციის რეკორდი და უარყოფითი განსხვავება ქვეყნიდან წასულ ადამიანებსა და დაბრუნებულთა შორის.
„ეს რეკორდი გეკუთვნით მაშინ, როცა ქვეყანას არ ჰქონდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. რაც თქვენ აქ ხალხს დამართეთ და რაც თქვენ ხალხი დღეში ჩააგდეთ, მაშინ უვიზო რეჟიმი რომ ჰქონდა საქართველოს, შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა ამ ქვეყანაში, 300 ათასამდე ჩვენმა თანამოქალაქემ გაიარა სასჯელაღსრულების სისტემაში. პირადად მე, ადამიანი, რომელიც მუშაობდა ამ სამინისტროში 2014-2015 წლებში, გეტყვით, რომ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც თქვენ გაატარეთ წარმოუდგენელ ტერორში, წლების განმავლობაში ვეღარ ახერხებდა და ბევრი მათგანი დღემდე ვერ ახერხებს რესოციალიზაციას, დაბრუნებას სამუშაო ადგილებზე, მათ აქვთ შერყეული ჯანმრთელობა და აქვთ პრობლემები, რომლებიც თქვენ დაუტოვეთ. თქვენ ეს ადამიანები გარიცხეთ საქართველოს ეკონომიკიდან, ჩვენი საზოგადოებიდან, რადგან ხელყავით მათი ღირსება, გაანადგურეთ მათი ჯანმრთელობა და, არაერთ შემთხვევაში, მათი სიცოცხლეც. გაანადგურეთ მათი ოჯახები, თქვენ ადამიანებს როცა აწამებდით და როცა ძალადობდით, ის ადამიანები და ის ოჯახები გაწირეთ უმუშევრობისთვის, ქვეყნიდან წასვლისა და ემიგრაციისთვის, ათასობით ადამიანი, ვისაც ჩამოართვით საკუთრება. მინდა, ვკითხო „სტრატეგიას“, რომელიც მაშინ იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა, თაბუკაშვილის ქუჩიდან, მეორე სართულიდან მესაკუთრეები რომ გადმოყარეთ, მოიტანეთ რიცხვები, რომლებზეც განგაში გქონდათ ჩართული, მახსოვს მაშინ ომბუდსმენის ოფისიდან ეს რეალობა. ასიათასობით ჩვენმა თანამოქალაქემ მიმართა რეესტრს შემდეგ დღეებში, ესენი იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც დააშინა მაშინდელმა ხელისუფლებამ. ეს ხალხი დღეს გვეუბნება, თითქოს ჩვენ გავაქციეთ საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეები. საკუთრების უფლება, რომელიც არის საფუძველი ევროპული სახელმწიფოს საზოგადოების, თქვენ ეს აღარ გაგაჩნდათ, რა ეკონომიკასა და კეთილდღეობაზე გველაპარაკებით?!“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.