არჩილ თალაკვაძემ მინისტრობის ახალ კანდიდატებს წარმატებები უსურვა
არჩილ თალაკვაძემ მინისტრობის ახალ კანდიდატებს წარმატებები უსურვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მთავრობის შემადგენლობაში სიახლეზე ისაუბრა. თალაკვაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ქარსელაძეს, ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ჯუანშერ ბურჭულაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„მოგეხსენებათ, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ფარგლებში. ასევე იყო შეხვედრები საპარლამენტო უმრავლესობასთან, შედეგად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მოგვმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის წამოყენების შესახებ, როგორც ეს კანონით გახლავთ გათვალისწინებული.

ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის გამოცხადებისთვის წარმოდგენილი გახლავთ საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა 2021-2024 წლების შესახებ ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. ყველას კარგად მოგეხსენებათ ამ პროგრამის შინაარსი, ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური გუნდი საკმაოდ დიდხანს მუშაობდა. მოგეხსენებათ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევისთანავე ჩვენ ეს პროგრამა დავამტკიცეთ. მინისტრთა კაბინეტში გახლავთ სიახლე, რომ თავდაცვის მინისტრის პოზიციას დაიკავებს ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძე. წინა წლებში მეც მქონდა პატივი მასთან საქმიანი ურთიერთობის, რამდენიმე პროექტთან დაკავშირებით. ჩვენ გვიმუშავია ერთად და შემიძლია გითხრათ, რომ ის გახლავთ შედეგზე ორიენტირებული, პროგრესული ადამიანი. პროფესიონალი, რომელსაც მსურს, თქვენი სახელით წარმატებები ვუსურვო უკვე მინისტრთა კაბინეტში და ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. ის საქმიანობდა აშშ-შიც საქართველოს საელჩოში, ძალიან ახლო საქმიანი ურთიერთობები გვქონდა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და მის მთავრობასთან.

მეორე ცვლილება გახლავთ ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სადაც მინისტრის პოზიციას დაიკავებს ბატონი ირაკლი ქარსელაძე. არაერთმა თქვენგანმა ასევე კარგად იცით მის შესახებ. გამოცდილი პროფესიონალი საჯარო მოხელე, რომელსაც აქვს დიდი პროექტების მართვის გამოცდილება. მასაც მინდა, ვუსურვო წარმატებები იმ მნიშვნელოვან საქმეში, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება, განახლება. მოგეხსენებათ, პარლამენტის რეგლამენტი ადგენს შემდეგ პროცედურას, რომ ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას პროგრამასთან დაკავშირებით. ამისთვის საჭირო არის შესაბამისი გრაფიკის შემუშავება, რაც ბიუროს პრეროგატივა გახლავთ. ეს გრაფიკი წარმოდგენილია თქვენ წინაშე. კომიტეტების ოთხი ბლოკი იქნება თემატურად ჩამოყალიბებული. ამ ბლოკების ფარგლებში ჩვენ მოვუსმენთ მთავრობის წარმოდგენილ შემადგენლობას, სამთავრობო პროგრამას.

შაბათს და კვირას კომიტეტების ფარგლებში ჩატარდება მოსმენები. ორშაბათს ჩატარდება პრემიერ-მინისტრის და კაბინეტის წევრთა შეხვედრა პოლიტიკურ ჯგუფებთან უმრავლესობასთან და ოპოზიციასთან. ორშაბათს უკვე პლენარული სხდომის ფარგლებში ნდობის გამოცხადებაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას“ , – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.