არჩილ თალაკვაძემ ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ჩეხეთსა და შვედეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ონლაინშეხვედრები გამართა
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებს ონლაინ ფორმატში ხვდებიან.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 24-25 ოქტომბერს შეხვედრები გაიმართა ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ჩეხეთსა და შვედეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებთან.
საუბარი ხელისუფლების და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური გუნდის მიერ შესრულებულ სამუშაოს და სამომავლო გეგმებს შეეხო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ პროგრამაზე და პანდემიის პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.
„მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. თქვენ დიდი დამსახურება გაქვთ ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების წინაშე. საკვირაო სკოლები და ასოციაციები, რომელიც თქვენი მხარდაჭერით მუშაობს, ემიგრაციაში მყოფი ქართველებისადმი თანადგომა, ეკონომიკური დახმარება, რომელსაც საქართველოში მყოფ ოჯახებს უწევთ – დასაფასებელია. საქართველოს, თქვენს სამშობლოს აქვს წარმატებები და მიუხედავად გამოწვევებისა, ჩვენ საერთო ძალისხმევით ვინარჩუნებთ მშვიდობიან განვითარებას და უსაფრთხოებას, ვმართავთ პანდემიით გამოწვეულ კრიზისს, სახელმწიფოს ყურადღების ცენტრშია ადამიანი და მისი უფლებები. ჩვენ ვდებთ ინვესტიციას განათლებაში, ეკონომიკაში. გვსურს ერთიანი, ძლიერი საზოგადოება და ქვეყანა ავაშენოთ თქვენთან ერთად”, – განაცხადა დიასპორასთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.