არჩილ თალაკვაძემ კოლეგებს მიმართა, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი ყურადღებით შეისწავლონ
პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს მიმართა, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი ყურადღებით შესწავლონ. ამის შესახებ განცხადება არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
„საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი და ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023 წლებისთვის დოკუმენტის საბოლოო ვარიანტები და თანდართული მასალა არის წარმოდგენილი.
ვთხოვ კოლეგებს, ძალიან ყურადღებით გაეცნონ დოკუმენტს, რომელიც დაგვიბრუნდა უკან ჩვენი შენიშვნების შემდეგ. უკვე ვუახლოვდებით სხდომას, როდესაც უნდა დავამტკიცოთ 2020 წლის ბიუჯეტი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა სფეროს, ყველა სექტორის დაფინანსება კიდევ ერთხელ ყურადღებით იყოს შესწავლილი თქვენს მიერ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნეს, რომ 30 ნოემბერი იყო ბოლო ვადა, როდესაც მთავრობას პარლამენტისთვის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი უნდა წარედგინა და ეს ვადები არ დარღვეულა.
საკანონმდებლო ორგანომ ბიუჯეტის პროექტი პლენარული სხდომის ბოლო კვირას, მესამე პარასკევამდე უნდა განიხილოს და დაამტკიცოს. მანამდე კი პროექტი კომიტეტებში განიხილება.