არჩილ თალაკვაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული ვითარება განიხილა
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, სილვიუ დომენტესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საქართვლოს პარლამენტის ინფორმაციით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში არჩილ თალაკვაძემ სილვიუ დომენტესთან COVID 19-თან დაკავშირებული ვითარება, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი და პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ეპიდუსაფრთხოების გეგმა განიხილა.
პლენარული და საკომიტეტო სხდომების რეგულარობა, ასევე პარლამენტის შენობაში თანამშრომლების აქტივობა ეტაპობრივად გაიზრდება. თავდაპირველად თანამშრომლების მხოლოდ 25% იმუშავებს შენობაში, ხოლო 75% გააგრძელებს მუშაობას დისტანციურ რეჟიმში. ეპიდ. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შენობაში გამოყენებული იქნება პერსონალური დამცავი საშუალებები, ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით, თერმოკონტროლი და სხვა ღონისძიებები.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა წარმატებულად შეაფასა COVID 19-ის წინააღმდეგ საქართველოს ძალისხმევა და შედეგები. ასევე, ხაზი გაუსვა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ხელისუფლების მიერ გატარებულ ისეთ რეფორმებს, როგორიცაა საყოველთაო ჯანდაცვა, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა, თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო რეფორმა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები.