არჩილ თალაკვაძემ აშშ-ში მცხოვრებ თანამემამულეებთან ონლაინშეხვედრა გამართა
არჩილ თალაკვაძემ აშშ-ში მცხოვრებ თანამემამულეებთან ონლაინშეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ონლაინ ფორმატში შეხვედრისას, საუბარი ხელისუფლების და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური გუნდის მიერ შესრულებულ სამუშაოს და სამომავლო გეგმებს შეეხო.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ პროგრამაზე, პანდემიის პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და დიასპორის მხარდამჭერ პროექტებზე.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში არაერთი ქართველი მოღვაწეობს და საქართველოს საუკეთესო სახით წარმოადგენს. თქვენი დამსახურება დიდია ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე, რადგან  საკვირაო სკოლები და ასოციაციები, რომელიც თქვენი მხარდაჭერით მუშაობს, თანადგომა ემიგრაციაში მყოფი ქართველების მიმართ, დახმარება რომელსაც საქართველოში მყოფ ოჯახებს უწევთ – ეს თქვენს პატრიოტიზმზე მეტყველებს და მადლობას გიხდით! მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველოს აქვს პოზიტიური დღის წესრიგი, ჩვენ საერთო ძალისხმევით ვინარჩუნებთ მშვიდობიან განვითარებას და უსაფრთხოებას, ვმართავთ პანდემიით გამოწვეულ კრიზისს, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანზე და საზოგადოების ინტერესებზე. ჩვენ მომავალზე ვართ ორიენტირებული და ვდებთ ინვესტიციას განათლებაში, ეკონომიკაში, ინფრასტრუქტურაში, რისთვისაც თქვენი მხარდაჭერა კვლავ მნიშვნელოვანია”, – განაცხადა დიასპორასთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.​