არჩილ თალაკვაძე - ზურაბ ჯაფარიძემ საზოგადოებას უნდა აუხსნას, ევროკავშირში სად და რომელ შეხვედრაზე მოისმინა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი იმის გამო უთხრეს, რომ ომში არ ჩაერთო
პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ დღევანდელ განცხადებას, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართავენ.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის ეს ნაწილი პარლამენტში უნდა მივიდეს და კითხვები იქ დასვას.
„არ ვიცი, რა 31 კითხვა აქვთ, მაგრამ ვიცი, რომ პარლამენტში შესაძლებელია 31-ის და სამჯერ 31 კითხვის განხილვაც, პოლიტიკური დებატები. პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში არაერთ მინისტრს მოვუსმინეთ, სადაც ოპოზიციის დასწრება არ ყოფილა არათუ მაქსიმალური, არამედ მათი ნახევარი წარმომადგენლობაც კი. არც 31 კითხვა მოგვისმენია და არც პოლიტიკური დებატების გამართვა შეუძლიათ. როცა პარლამენტში არიან, სხდომებს არ ესწრებიან და ქუჩიდან იმუქრებიან, ჩვენთვის ეს პოლიტიკური სპექტაკლია. პარლამენტში მობრძანდნენ და აქ დასვან კითხვები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძემ საზოგადოებას უნდა აუხსნას, ევროკავშირში სად და რომელ შეხვედრაზე მოისმინა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი იმის გამო უთხრეს, რომ ომში არ ჩაერთო.
ნიშანდობლივი იყო, როცა ზურაბ ჯაფარიძეს ინტერვიუს დროს წამოსცდა, თითქოს ევროპაში მოისმინა, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე უარის თქმა ომის არდაწყებას უკავშირდება. ეს შემაშფოთებელი გზავნილი იყო და საზოგადოებას უნდა აუხსნას, რომელ შეხვედრაზე და ევროკავშირში სად მოისმინა, რომ საქართველოს უარი უთხრეს იმის გამო, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო. სხვათა შორის, ომის დაწყებაზე ეს კომენტარი ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს. ასევე მათი სატელიტი პარტნიორების განცხადებებს საზღვარგარეთ. ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ უნდა, საქართველომ სტატუსი ვერ მიიღოს, ახალი არ არის. როცა პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაისვა კითხვა – საქართველო, ახლა, არსებული მოცემულობით და ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე იმსახურებს თუ არა მხარდაჭერას, კანდიდატის სტატუსს, საკუთარი ქვეყნისთვის უპირობოდ კანდიდატის სტატუსის მიღებას რადიკალური ოპოზიციის არც ერთმა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი და რაზე ვსაუბრობთ? რატომ გვიკვირს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერც მომავალში მიიღებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„დროამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს და „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართეს. ამასთან, ზურაბ ჯაფარიძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა: „ოცნების“ ქცევებთან დაკავშირებული კითხვების გამო, გვექნება უარი კანდიდატის სტატუსზე. ესაა კითხვები, რატომაც ვერ ვიღებთ სტატუსს, ესაა პასუხი „ომი გინდათ“ კითხვაზე. ომი კი არ გვინდა, ამ რაღაცების შესრულება გვინდა“.