არჩილ თალაკვაძე - ზოგიერთი ოპოზიციური პარტია კომპრომისულ შეთავაზებას თუ უარყოფს, ამით ხელს შეუწყობს რუსეთის ინტერესებს, საქართველოში არასტაბილურობა სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს
ზოგიერთი ოპოზიციური პარტია კომპრომისულ შეთავაზებას თუ უარყოფს, ამით ხელს შეუწყობს რუსეთის ინტერესებს, რადგან საქართველოში არასტაბილურობა, პირველ რიგში, სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და სწორედ ამის მიღწევას ცდილობს იგი გამუდმებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის წერილშია აღნიშნული.
წერილს გამოცემა Morning Consult-ი აქვეყნებს სათაურით „საქართველოზე რუსული კიბერთავდასხმის შემდეგ, კონგრესმა უნდა იმოქმედოს, რათა მხარი დაუჭიროს მნიშვნელოვან პარტნიორს“.
წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოში სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების დროსთან დაკავშირებით ცხარე დებატები მიმდინარეობს.
„2012 წლამდე არც ერთ ხელისუფლებას არ უცდია სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და არც ერთს, ჩვენი ხელისუფლების გარდა, არ გაუკეთებია და არ შეუსრულებია დაპირება 100-იან პროპორციულ წარმომადგენლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დადო პირობა სრულ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით და ამისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დაპირება და, ჩვენ მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, საქართველოში სრული პროპორციული სისტემა 2024 წელს ამოქმედდება.
მიმდინარე დისკუსიების შედეგად, ჩვენ ძალ-ღონე არ დავიშურეთ, რათა სრულ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2024 წლამდე დაგეგმილიყო, მაგრამ ჩვენი მცდელობა ფუჭი გამოდგა, პარლამენტში ხმების უკმარისობის გამო. შესაბამისად, მმართველმა პარტიამ კომპრომისული წინადადებით გამოვიდა, რაც 2020 წლის არჩევნებისთვის, გონივრული გარდამავალი ეტაპისთვის იყო გამიზნული, 2024 წლის ცვლილებებისკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნული არჩილ თალაკვაძის წერილში.
აქვე ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ გატარებული დამატებითი საარჩევნო რეფორმები, მათ შორის ის რეფორმები, რომლებიც ეუთო-ს მიერ იყო რეკომენდებული, შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.
„თუ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ამ კომპრომისულ შეთავაზებას უარყოფს, იმ იმედით, რომ ამ გზით პოზიციებს გაიმყარებს, ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ ისინი რეალურად ამჯობინებენ პოლიტიკური პროცესის ჩაშლას და 2020 წლის არჩევნების დელიგიტიმიზაციას. არჩევნების გარეშე ცვლილებების განხორციელებისკენ მიმართული ქმედება კი, არადემოკრატიულია. ამით ეს პარტიები ასევე ხელს შეუწყობენ რუსეთის ინტერესებს, რადგან საქართველოში არასტაბილურობა, პირველ რიგში, სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და სწორედ ამის მიღწევას ცდილობს იგი გამუდმებით. ამ საფრთხესთან საბრძოლველად, ჩვენ საქართველოში ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა შევიდეთ ნატო-ში და გავწევრიანდეთ ევროკავშირში, ასევე ვაწარმოოთ მოლაპარაკებები თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებაზე მრავალ ქვეყანასთან აზიიდან ამერიკამდე, რათა საფრთხეებს სათანადო პასუხი გავცეთ.
ჩვენი ერი ისწრაფვის დასავლეთისკენ, როგორც საკუთარი ცივილიზაციური არჩევნისკენ. ქართველებს კარგად ესმით, რაოდენ აუცილებელია ბრძოლა დემოკრატიისთვის და ტერორიზმისა თუ ექსტრემიზმის წინააღმდეგ ყველგან, სადაც კი იგი იჩენს თავს. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი მებრძოლები ამერიკელების მხარდამხარ მსახურობენ ავღანეთში და მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილებში.
შარშან, შემოდგომაზე განხორციელებული კიბერშეტევა ხაზს უსვამს იმ მუდმივ საფრთხეს, რომლის წინაშეც საქართველოში ვდგავართ, თუმცა ამას არავითარი გავლენა არ აქვს, საქართველოს ნატო-სა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან შემდგომი დაახლოების გეგმაზე. ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა მეგობარი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერით ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას, როგორც ერი – როგორც წარმატებული დემოკრატიის მქონე უსაფრთხო, სტაბილური და სანდო სახელმწიფო“, – აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის წერილში.