არჩილ თალაკვაძე - ზოგიერთი დესტრუქციული, მარგინალი პოლიტიკოსები გვეუბნებიან, ერთად დავწეროთ კითხვარზე პასუხებიო, ეს არის ბოროტი ხუმრობა ან ძალიან ცინიკური განცხადება
საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს ყველა ინსტიტუტის მაქსიმალური ჩართულობით ამ კითხვარზე პასუხების მომზადებას და ობიექტური ინფორმაციის დროულად გაგზავნას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის კითხვარზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ აღნიშნულ კითხვარზე ერთად იმუშაონ, ცინიკური განცხადებაა.
„რაც შეეხება, ვინ უნდა შეავსოს კითხვარი, აი, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის განათლებული მოქალაქეები, ჟურნალისტები, თქვენი აზრით, კითხვარი, რომელიც ევროკავშირმა გამოუგზავნა საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებას, კითხვარი, რომელშიც არის კითხვები პოლიტიკურ ინსტიტუტებთან, ანუ პარლამენტთან და მთავრობასთან დაკავშირებით, არის კითხვები სავაჭრო – ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით და არის სექტორული კითხვები, მაგალითად, სოციალურ სისტემასთან, კულტურის სფეროსთან და სხვა სფეროებთან დაკავშირებით, თქვენი აზრით, პირველ რიგში ვის აქვს პასუხისმგებლობა, რომ შეავსოს ეს კითხვარი? მთელი საზოგადოების სახელით ეს უნდა შეავსოს იმ ადამიანებმა, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა და ვისაც ჰქვია ხელისუფლება, მიუხედავად ამისა, ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ინსტიტუტის მაქსიმალურ ჩართულობას, ყველა იმ ადამიანის მაქსიმალურ ჩართულობას, ვისაც ევალება და აქვს ინფორმაცია ამ კითხვართან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა, ეს საუბარი, რომ კითხვარი ყველამ ერთად უნდა შევავსოთ, თქვენთვის მომინდვია თუ რას ემსახურება. მინდა, თქვენ თვითონ კარგად წარმოიდგინოთ, რას ნიშნავს, როდესაც ორ კვირაში 370-მდე კითხვაზე გაქვს ინფორმაცია მოსამზადებელი და აქ რომ სხედან ზოგიერთი დესტრუქციული, მარგინალური პოლიტიკოსები, ეს ადამიანები როდესაც გეუბნებიან, რომ მოდით, ერთად დავსხდეთ და ერთად დავწეროთ პასუხებიო, ალბათ გესმით, რომ ეს არის ან ბოროტი ხუმრობა, ან ძალიან ცინიკური განცხადება. საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს ყველა ინსტიტუტის მაქსიმალური ჩართულობით ამ კითხვარზე პასუხების მომზადებას და ობიექტური ინფორმაციის დროულად გაგზავნას“, – განაცხადა თალაკვაძემ.