არჩილ თალაკვაძე - ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველო-უკრაინის მეგობრობას არ ემსახურება, თუმცა ეს ვერ მიაყენებს ჩრდილს საქართველოს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისა და უკრაინის მიმართ
ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრობას არ ემსახურება და ვიტყოდი, რომ არ არის სამართლიანი, თუმცა ეს ვერ მიაყენებს ჩრდილს, ვერ შეასუსტებს საქართველოს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისა და უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძეს კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე, რომელიც საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთხოვს.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს ელჩი და საელჩოს წარმომადგენლობა ომის დაწყების დღიდან დღემდე, უწყვეტ რეჟიმში საქმიანობდა უკრაინაში.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, გითხრათ, ვიდრე უკრაინაში მიმდინარეობს ომი და რუსეთის აგრესია, ჩვენ არ ვაპირებთ მივცეთ შეფასებები ამ ნაბიჯებს და არ ვაპირებთ არანაირ კამათში შესვლას, პოლიტიკური განცხადებების გაკთებას უკრაინის მიმართ. რაც შეეხება ელჩის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, მინდა, საზოგადოებას შევახსენო, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს შევახსენო, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი და საქართველოს საელჩო გახლავთ ის ადამიანი და ის დიპლომატიური მისია, რომელმაც ყველაზე მძიმე დღეებში, მათ შორის, როდესაც კიევზე და კიევთან საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა,არ დატოვეს უკრაინა. სწორედ საქართველოს ელჩი და საქართველოს საელჩო გახლდათ იმ რამდენიმე დიპლომატიურ მისიას შორის, რომელიც რჩებოდა ბოლომდე კიევში და საქართველოს ელჩი, საქართველოს წარმომადგენლობა ომის დაწყებიის დღიდან დღემდე უწყვეტ რეჟიმში საქმიანობდა უკრაინაში. მე მჯერა, რომ ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. თავისთავად ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრობას არ ემსახურება და არ არის სამართლიანი, ვიტყოდი, თუმცა ეს ვერ მიაყენებს ჩრდილს და ვერ შესასუსტებს საქართველოს მხარდაჭერას ურაინელი ხალხის და უკრაინის მიმართ“, – განაცხადა თალაკვაძემ.